მამუკა მდინარაძე - საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის შეთავაზება ნიშნავს კომპრომისს კომპრომისისთვის
მამუკა მდინარაძე - საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის შეთავაზება ნიშნავს კომპრომისს კომპრომისისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის შეთავაზებას – 130/20-ზე აფასებს, როგორც კომპრომისს კომპრომისისთვის.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, როგორც ჩანს, ხელისუფლების განცხადებებმა იმოქმედა, რომ კომპრომისული ვერსია არ ჰქონდათ შეთავაზებული.

„ოპოზიციის შეთავაზება ნიშნავს კომპრომისს კომპრომისისთვის. ამის თაობაზე გუნდში ჯერ არ გვისაუბრია. ოპოზიციის წარმომადგენლებს დიდი მადლობა, რომ ისინი ღრმად არიან დარწმუნებული ჩვენს უალტერნატივო გამარჯვებაში. რა იციან წინასწარ, რომ ყველა მაჟორიტარულს მოვიგებთ? ყველგან ჩვენს უპირობო მაღალ რეიტინგს აღიარებენ. შეიძლება, ხუმრობის დონეზე დავიდეთ იმაზე, რომ თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ხარაგაულის, ვანის, ხონის, საჩხერისა და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ვინ იქნება, დაასახელონ. თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, დაახლოებით ასეთი კონფიგურაცია გვექნება: 148/2-ზეც შეიძლება, დასავლეთს ერთი ჰყავდეს და აღმოსავლეთ საქართველოს – მეორე. თუ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, საკუთარი აზრი დააფიქსირონ, ეს არის მათი შეთავაზება. სერიოზული მსჯელობა გაგვიჭირდება. რუკას რომ დავხედოთ, როგორი ოლქები იქნება, თავად მიხვდებიან, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მგონია, რომ ოპოზიცია ცდილობს, ჩვენს შემხვედრ პოზიციას ჩაებღაუჭოს, თითქოს, კომპრომისულ ვერსიას გვთავაზობენ“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.