მამუკა მდინარაძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნიკალური მოდელი წარვადგინეთ, ოპოზიცია მიზეზებს ეძებს
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, უნიკალური მოდელი წარვადგინეთ, დეტალებზე მსჯელობისა და კამათისთვის ერთი კვირა გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერი შეთავაზების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ აღნიშნული წინადადების შესახებ ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის.
„რუკა მოიტანონ, როგორ შეიძლება, საქართველოში 20 მაჟორიტარული ოლქი განაწილდეს და მიხვდებით, რამდენად შეიძლება ამაზე საუბარი. ვფიქრობთ, ოპოზიციის მხრიდან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის, როცა საუბრობენ ისეთ წესზე, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჩვენი ფორმულა გაზიარებული იქნება. ჩვენს შეთავაზებაში მათი წუხილები მოხსნილია. ერთი მხრივ, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ შეიძლება, საშუალება ჰქონდეს, მთავრობა დაამტკიცოს და მეორე მხრივ, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, 2016 წელს, ჩვენი ფორმულით არჩევნები რომ ჩატარებულიყო, მანდატების ზუსტად იგივე რაოდენობას ავიღებდით, რასაც 5 პროცენტიანი სრულად პროპორციულ სისტემაში. შედეგი ნაკლები იქნებოდა თუ მეტი, ამ შედეგს ვერ ავცდებოდით. 44 პროცენტი, 47 თუ 55, ჩვენთვის შედეგი ის იქნებოდა, რაც 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში სრულად პროპორციულ სისტემაში არსებობს. შეთავაზების დეტალებზე შეთანხმების გამო ვერ ვისაუბრებ. ოპოზიციამ შეთავაზების დეტალები ისე იცის, რომ ვერ წარმოგიდგენიათ. დეტალებზე შეთანხმებაა, გარეთ არ ვისაუბროთ. ხომ ხედავთ, რომ ოპონენტები მიზეზებზე არიან? ამას ჰქვია მიზეზისა და საბაბის მოძებნა, რომ რაღაც განსხვავებული თქვან. პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან უნიკალური მოდელი წარვადგინეთ. ერთი კვირა გვაქვს, რომ დეტალებზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მოდელი იმდენად კარგი და დახვეწილია, რომ ნაკლის მოძებნა შეუძლებელია.
„მიზეზებს ეძებენ, ხან მოიგონეს პოლიტპატიმრები, ხან სხვა საკითხები, ხან ამბობენ, რომ დაბნეული არიან და დაწერილი პროექტი არ უნახავთ. კი ბატონო, დაწერილსაც მივართმევთ და იგივე ეწერება, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები შეხვედრებზე საუბრობდნენ. ინიცირებას ისე გავაკეთებთ, რომ რასაც გიყვებით, მასში ყველა დამცავი მექანიზმით იყოს ასახული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.