მამუკა მდინარაძე - საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შევძლებთ, საზოგადოებას შევთავაზოთ კიდევ უფრო დახვეწილი სერვისი არჩევნების სახით, სადაც მანიპულაციებისთვის სივრცე არ იქნება
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შევძლებთ, საზოგადოებას შევთავაზოთ კიდევ უფრო დახვეწილი სერვისი არჩევნების სახით, სადაც მანიპულაციებისა და სპეკულაციებისთვის სივრცე არ იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმის გატარების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, ქვეყანაში უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს.
მან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
„ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს მადლობას ვუხდით, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში უდიდესი შრომა ჩადეს, რათა შეთანხმება მიღწეულიყო და გარკვეული კონტურები ყოფილიყო, რაც საბოლოო ჯამში, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე აისახება. ისტორიული და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა გატარდება. ყველა წარმოდგენილი პუნქტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომ საარჩევნო საკითხებზე არ იყოს არც ერთი კითხვის ნიშანი და სპეკულაციები გამოვრიცხოთ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინება მოხდება. ეს ცვლილებები იმის საშუალებას მოგცემს, რომ მომავალში გამორიცხული იყოს კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით და ისტორიაში გვქონდეს მართლაც უპრეცედენტო, გამჭვირვალე არჩევნები, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ, რომ კიდევ უფრო დახვეწილი სერვისი შევთავაზოთ საზოგადოებას არჩევნების სახით, სადაც მანიპულაციებისა და სპეკულაციებისთვის სივრცე არ იქნება დარჩენილი“, – განაცხადა მდინარაძემ.