მამუკა მდინარაძე - საარჩევნო კამპანია გარედან რაც არ უნდა აწარმოონ, ქართველი ხალხი უფრო მობილიზებულია და შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება
მამუკა მდინარაძე - საარჩევნო კამპანია გარედან რაც არ უნდა აწარმოონ, ქართველი ხალხი უფრო მობილიზებულია და შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება

საარჩევნო კამპანია გარედან რაც არ უნდა აწარმოონ, ქართველი ხალხი უფრო მობილიზებულია, უფრო წინააღმდეგობრივი, თუ გნებავთ, და ჩვენ შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის მხარეს არის და მხოლოდ ამ გზით აპირებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

„26 ოქტომბერს მთელ მსოფლიოს უნდა დაანახოს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს. ქართველ ხალხს აგენტურას ვერავინ შეასაღებს ევროპელებად, გამორიცხულია ეს ამბავი. რაც არ უნდა მათი საარჩევნო კამპანია აწარმოონ გარედან ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ, აი, ამ ყველაფრით გარედან რომ ეხმარებიან, ჩვენ ვართ ქართველი ხალხი უფრო მობილიზებული, უფრო წინააღმდეგობრივი, თუ გნებავთ, და ჩვენ შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის არის ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით, ამ მიდგომის განმტკიცებას იქით ევროპაშიც შევძლებთ და შევეცდებით. არ არის ისე, ჩემო მეგობრებო, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, პირიქით, თუ ყველაფერს გადავავლებთ თვალს, ჩვენც ძალიან ვჭირდებით ევროპას და ევროპელებს ჩვენი ამაყი, მეტიც, ხანდახან უტეხი ხასიათითაც კი, ტრადიციული ღირებულებებით, რწმენის პატივისცემით და რეალური თავისუფლების სიყვარულით. ნურავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც „დილა მშვიდობის“ და „საღამო მშვიდობისო“, ასე ვესალმებით ერთმანეთს, ხომ? ან კიდევ მისალმების აღმნიშვნელი მთავარი სიტყვა არის გამარჯვებასთან დაკავშირებული, როცა ერთმანეთს ვეუბნებით გამარჯობას, არავის გავამარჯვებინებთ არც მშვიდობაზე, არც ღირსებაზე და არც საკუთარი თავის უფლებაზე. ამიტომ არის ჩვენი ხალხი მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის მხარეს და მხოლოდ ამ გზით ვაპირებთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს! ჩვენს ქართულ ოცნებას გაუმარჯოს! უდიდესი მადლობა, ჩემო მეგობრებო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.