მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ბლოკების თემა ღიაა, თუმცა ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დამოუკიდებლად ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას
მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ბლოკების თემა ღიაა, თუმცა ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დამოუკიდებლად ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საარჩევნო ბლოკების თემა ამ დროისთვის ღიაა და შესაძლოა, საკითხზე კონსულტაცია გაიმართოს.

კითხვაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული იქნება თუ არა საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება, მდინარაძე პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხში არანაირი სუბიექტური ინტერესი არ აქვს.

„ბლოკი იქნება თუ არა, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა იმიტომ არ აქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვაპირებთ. ოპოზიცია საუბრობს 1-5 პროცენტზე, ჩვენ ვსაუბრობთ 40 პროცენტიან დამცავ მექანიზმზე და ვამბობთ, რომ 40-60 პროცენტიან მხარდაჭერას ველოდებით. ბლოკი ვისი ინტერესიც არის, იმან ილაპარაკოს და თავისი პოზიციით მოვიდეს. ეს საკითხი დღეს ღია არის. დღეს, პროპორციულ სისტემაში საარჩევნო ბლოკები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. თუ პროპორციულს მაქსიმალურად ვუკავშირდებით, ვფიქრობ, რომ ბლოკი არაფერ შუაში არ არის. ბლოკის საკითხი დღეს ღია არის და შეიძლება კონსულტაციები გაიმართოს“, – განაცხადა მდინარაძემ.