მამუკა მდინარაძე - სააკაშვილთან დაკავშირებით, ერთი და იმავე სათაურით ქვეყნდება უცხოურ მედიაში შეკვეთილი სტატიები, რაც ნიშნავს, რომ დაქირავებული ადამიანები უკვე მოქმედებენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც ჩანს, ლობისტები ამოქმედდნენ და მიხეილ სააკაშილთან დაკავშირებით ერთი და იმავე სათაურით ქვეყნდება სხვადასხვა უცხოურ პრესაში სტატიები.
მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ, სხვა დანარჩენი კი სასამართლოს გადასაწყვეტია.
„რამდენიმე თვის ინტერვალით მეორდება უმძიმესი პროგნოზების გაკეთება. არცერთ შემთხვევაში ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ახლა განსხვავება ისაა, რომ, როგორც ჩანს, ლობისტები ამოქმედდნენ და ერთი და იმავე სათაურით, ერთი და იმავე ფოტოთიც კი იდება სხვადასხვა უცხოურ პრესაში სტატიები. ანუ, უკვე ხორციელდება მისი ავადმყოფობის ლობირება და პიარკამპანია. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც „პიარშიკები“ დაუქირავეს ავადმყოფობას. კონკრეტული პატიმარი, იმის გამო, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, დამნაშავე სააკაშვილი, სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ პროფესიონალი ექიმები. დანარჩენი ყველაფერი არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ჩვენ მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთი, სამართლებრივი მხარე არის მეორე და ყველას ვთხოვ, რომ ამ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცნენ და ნუ ითხოვენ ისეთ რამეს, რაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.
რაც უნდა პარადოქსული იყოს, ათობით სტატია, შეკვეთილი სტატიები – და ამას მტკიცებულება არ სჭირდება, როდესაც ფოტოც კი არ არის განსხვავებული, ლობისტების მიერ ერთი და იგივე ფაილია გაგზავნილი ბევრგან – ერთი და იმავე ფოტოთი და სათაურით ქვეყნდება უცხოურ მედიაში შეკვეთილი სტატიები, ეს ნიშნავს, რომ პიარკამპანია ლობისტების მიერ დაიგეგმა და ხორციელდება. ანუ, ხელშეკრულება შევიდა ძალაში და დაქირავებული ადამიანები, რომლებმაც ლობირება უნდა გაუწიონ ავადმყოფობის შესახებ კამპანიას, უკვე მოქმედებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.