მამუკა მდინარაძე - სააკაშვილს უნდა, შემოიკრიბოს და დააბულინგოს ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ მის დაკრულზე იარონ
მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარული თვისებები და ემოციები აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, სააკაშვილის სურვილია, გარეშემო შემოიკრიბოს და დააბულინგოს ოპოზიციური სპექტრის ნაწილი.
„მიხეილ სააკაშვილს ერთი თვისება აქვს, რომ პირველი ნომერი იყოს, სადაც არის. ამ კაცს ავტორიტარული თვისებები და ემოციები აქვს. ვერასოდეს იტანს, რომ ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შეიძლება, ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენდეს და ამის გამოვლინება ხშირად გვინახავს. ზუსტად ვიცი, უნდა, თავის გარშემო შემოიკრიბოს და დააბულინგოს ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ მის დაკრულზე იარონ. ვინ გაუძლებს ბულინგს და ცდუნებას, რომ მატერიალურად ძლიერი ოპონენტის, ასევე სამწუხაროდ, ქვეყანაში მეორე ადგილზე მყოფი პოლიტიკური პარტიის გვერდით იდგეს, მათი გადასაწყვეტია. ხშირად ვუყურებთ, რომ ოპოზიციური პარტიები მათ ნარატივზე ჩნდებიან, ეს უფრო მომგებიანია და ეს არის ტყუილებზე აგებული ნარატივი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ნარატივი. თუ აჰყვებიან ამას სხვა პოლიტიკური პარტიები, მათი საქმეა და ამომრჩეველი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს მიხეილ სააკშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სააკაშვილის შტაბი იხსნება.