მამუკა მდინარაძე - სააკაშვილს რამდენიმე დღეა, მოვუწოდებ, იუსტიციის სამინისტროს გაასაჯაროვებინოს მონაცემები, რასაც მისი თანხმობა სჭირდება, მაშინ ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე დღეა, მოვუწოდებ, იუსტიციის სამინისტროს გაასაჯაროვებინოს ის მონაცემები, რასაც მისი თანხმობა სჭირდება, მაშინ ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სწორედ ამაზეა საუბარი და მოგონილი ფრაზებით კონტექსტის სხვაგან გადატანა მორალური ფსკერია.
„რამდენიმე დღეა, მოვუწოდებ მე პირადად, მე ვიყავი ამისი ავტორი, იქნებ, გაასაჯაროვებინოს იუსტიციის სამინისტროს ის მონაცემები, რასაც მისი თანხმობა სჭირდება და მაშინ ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში. ამაზეა საუბარი და კონტექსტის სხვაგან გადატანა მოგონილი ფრაზებით არის უდიდესი მორალური ფსკერი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და სწორედ ამას გულისხმობდა საკუთარ განცხადებაშიც.
„სასაცილო მდგომარეობაზე მე ვსაუბრობდი, რომ დაარწმუნებული ვარ, ის ადამიანი, და ასეც უნდა იყოს, დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი დაშვების და მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ როგორც გვეუბნებიან, ის დღეს კარგად არის. სასაცილო მდგომარეობა იქნება ის, რომ ჯანმრთელად, კარგად იქნება და 40 დღე რომ ადამიანი იშიმშილებს და კარგად იქნება, ე.ი სხვა რაღაცაშია საქმე. სხვა რამეზე კი არ ვლაპარაკობდი, ცუდ შედეგებზე როგორც ეს „ტვ პირველმა“ დამაბრალა, არამედ ვსაუბრობდი მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე, ამათმა თქვეს პირიქით, ეს არის მთელი პარადოქსი. ხალხს არ უნდა მოატყუო, მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე, მის სიცოცხლეზე ვსაუბრობდით, რომ კარგად იქნება და ესენი საუბრობენ პირიქით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.