მამუკა მდინარაძე - სააკაშვილს დღემდე არ მიუმართავს სტრასბურგის სასამართლოსთვის, ამდენი ხნის განმავლობაში ეძებენ საფუძვლებს, რითი გაასაჩივრონ
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილს დღემდე არ მიუმართავს სტრასბურგის სასამართლოსთვის, ამდენი ხნის განმავლობაში ეძებენ საფუძვლებს, რითი გაასაჩივრონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საჭირო კალორიების არმიღებით მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა. მისივე თქმით, მარტივი ტყუილია, რომ სააკაშვილი საჭმელს ვერ ჭამს.

„რბილად რომ ვთქვა, უცნაურ „ქეისთან“ გვაქვს საქმე. მაგალითად, აქამდე იტყუებოდნენ, სააკაშვილი კვდებაო. სააკაშვილი არის თვითდაზიანების რეჟიმში და არ ჭამს საჭმელს. ზოგიერთი ამბობს, რომ ვერ ჭამს. მაშინ რას მივაწეროთ ის ამბავი, რომ გადასხმებზე ამბობს უარს? მარტივი ამბავია. რომელიმე თქვენგანს კითხვა არ გიჩნდებათ, რომ საჭმელს მართლა თუ ვერ ჭამს, ამის შეცვლა სხვა სამედიცინო საშუალებებით ხომ შეიძლება. რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას, რომ სხვა გზით მიიღოს შესაბამისი კალორიები? გადასხმასაც ვერ იკეთებს? ხომ შეუძლებელია. ამიტომ მარტივი ტყუილია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნას, თემაზე კომენტირებისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სარჩელის გაგზავნის საფუძველს ეძებენ, რის გამოც ევროპულ სასამართლოში დღემდე საჩივარი არ შეუტანიათ.

„მართალი რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობის“ ნარატივი, თითქოს სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, კვდება, მაშინ მეორე დღესვე გაასაჩივრებდნენ სტრასბურგის სასამართლოში. ამდენი ხნის განმავლობაში ეძებენ საფუძვლებს, რითი გაასაჩივრონ, რადგან სტრასბურგმა არ თქვას, ეს ყველაფერი ფარსი იყოო. ამიტომ არ არის დღემდე გასაჩივრებული სტრასბურგის სასამართლოში. მარტივი ამბავია და უნდა დავიმახსოვროთ, რომ სააკაშვილის კუჭზე არ გადის ევროინტეგრაცია, ეს წარმოუდგენელი ამბავია. უბრალოდ, ამ ხალხს, ოჯახის წევრებს უნდა სთხოვოს ვიღაცამ, რომ ჭამოს. ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, ექიმებიც ცდებიან და ვერ ჭამს, ამ შემთხვევაში მან, უბრალოდ, გადასხმა უნდა გაიკეთოს. ახლა თურმე ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროინტეგრაცია, ასე არ არის. ეს ამბავი, უბრალოდ, პარადოქსია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.