მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია ომში ჩართვის მიზნით, სპეცოპერაციის დამგეგმავებმა უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით.
მდინარაძის თქმით, სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტსაც კი გაეკეთებინა განცხადება.
მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“.
„სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია. დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ფაქტებს ხომ ვიშველიებთ? მათ შორის, შემთხვევითი არ არის და ამ განცხადებასთან თანხვედრაში შეიძლება, განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ომის ხალხი არ არის და ამას მიხეილ სააკაშვილი გააკეთებდაო. დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ის, რაც მოუწოდა. ეს ერთმანეთთან კორელაციაში, სინთეზში უნდა განვიხილოთ. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის და საქართველოს არევის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ჩვენ, ყველა, განცხადებას ამ კონტექსტში განვიხილავთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.