მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის პრიმიტიული პიარსვლები ხალხზე არ მოქმედებს
მიხეილ სააკაშვილის პრიმიტიული პიარსვლები ხალხზე ვერ მოქმედებს, – აღნიშნული კომენტარით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია ათას ლარამდე გაეზარდოს.
მისივე თქმით, დემოკრატია და სახელმწიფოს სიძლიერე აბსოლუტურად თავსებადია, რაც სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია.
„ერთი, ეს ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბინძურ პიარულ სვლას, რომ იქნებ რამდენიმე თანამოაზრე მაინც იპოვოს რომელიმე სამართალდამცავ უწყებაში. მეორე, დაანონსებას იმ არეულობის, რომლებსაც ეს ადამიანები ვერ ეღირსებიან. საბედნიეროდ, ქართული სახელმწიფო შედგა და იმის გამო, რომ დემოკრატიული პრინციპებია პრიორიტეტული, არ უნდა იფიქროს ვიღაცამ, რომ სახელმწიფო სუსტია. დემოკრატია და სახელმწიფოს სიძლიერე აბსოლუტურად თავსებადია და ის მიშა სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია. ამაშია მისი პრობლემა. დემოკრატია და სახელმწიფოს სიძლიერე ამ ხალხისთვის, ვინც ასეთ ფეიკებს დგამს, თავსებადი არ არის.
ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, იყოს ქვეყანაში დემოკრატია და სახელმწიფომ იფუნქციონიროს. ისინი თავის დროზე ცდილობდნენ, ტერორით, დაშინებითა და ავტოკრატიული მეთოდებით ემართათ სახელმწიფო. რაღაც კუთხით გამოსდიოდათ, მაგრამ აბსოლუტურად თავსებადია დემოკრატია და სახელმწიფოს სიძლიერე. დღეს თუ სახელმწიფო დემოკრატიულია, ამავე დროს ძლიერია და მიხეილ სააკაშვილის ეს პრიმიტიული პიარსვლები ხალხზე ვერ მოქმედებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.