მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის მოწოდება და მათი მიზნები საინტერესო აღარ არის, უამრავი საქმეა გასაკეთებელი და ამ უსარგებლო კამათში დარჩენას არ ვაპირებთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტს თუ მიმართავენ, ალბათ, ამაში მათ ხელს არ შეუშლიან.
„მათი განცხადებების და სურვილების მიუხედავად, ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები. ვფიქრობ, ნამდვილად არავის უნდა დავუწყოთ ხვეწნა. არ ვფიქრობ, რომ მათ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი სურვილის რეალიზების საშუალება, ეს არის მათი უფლება. ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ უმრავლესობის სხდომაზე და ვისაც სურვილი ექნება, ალბათ ისე გადაწყდება, როგორც მათ უნდათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის მოწოდება და მათი მიზნები საინტერესო აღარ არის. როგორც მდინარაძე აცხადებს, ქვეყანაში უამრავი საქმეა და უსარგებლო კამათში დარჩენას არ აპირებენ.
„აღარ არის საინტერესო სააკაშვილის მოწოდება და მათი მიზნები, მათი მიზნები დარჩა წარსულში, ისინი ბევრ რამეს იზამენ, ბევრ რამეს შეეცდებიან, ჩვენ სხვა საქმე გვაქვს. ჩვენ საზოგადოება გვთხოვს, რომ ახლა თავი დავანებოთ მათთან პოლემიკას, ამ უსარგებლო კინკლაობასა და ჩხუბს. წინასაარჩევნოდ ეს გასაგებია, შეიძლება გამოწვევა იყო, იძულებულებიც ვიყავით და გვიწევდა ამის კეთება, მაგრამ ახლა უამრავი საქმეა გასაკეთებელი და ამ უსარგებლო კამათში დარჩენას არ ვაპირებთ. აღარ არის საინტერესო, ვინ ვის, რას მოუწოდებს, რას მოიგონებს, შემდეგ ამ მოგონილი ბრალდებებით რა პოლიტიკას განავითარებს, შეეგუონ, რომ წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი, ახლა უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი ძალიან შთამბეჭდავი იყო და მის პოზიციას იზიარებს. „ჩემი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.