მამუკა მდინარაძე - „რუსული კანონი“ არის ბრენდინგი, რომელსაც ეწოდება საუკუნის აფერა, კანონებს, რომლებიც მოქმედებს აშშ-ში, დაინიცირებულია ევროკავშირში, უწოდებენ რუსულს
მამუკა მდინარაძე - „რუსული კანონი“ არის ბრენდინგი, რომელსაც ეწოდება საუკუნის აფერა, კანონებს, რომლებიც მოქმედებს აშშ-ში, დაინიცირებულია ევროკავშირში, უწოდებენ რუსულს

ბოლო დღეების განმავლობაში იმავე კამპანიის დაწყება სცადეს, თუმცა აღარ გამოსდით ერთი მთავარი მიზეზის გამო: „რუსული კანონი“ – ეს არის ბრენდინგი, რომელსაც ეწოდება საუკუნის აფერა. კანონებს, რომლებიც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, დაინიცირებულია ევროკავშირში და ევროდირექტივას წარმოადგენს, ამას უწოდებენ „რუსულ კანონს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული პირები საბჭოური მეთოდებით მოქმედებენ და ცდილობენ, მმართველ პარტიას თავი ამართლებინონ.

„კაგებეშნიკური მეთოდია, რომ მე შენ რაღაცას დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე. არ ვიცი, რომელ პოლიტიკურ ჯგუფზე მკითხეთ, მაგრამ ცდილობენ, კაგებეშნიკური მეთოდებით მოიქცნენ. დააბრალებენ რაღაცას მმართველ გუნდს და მან თავი უნდა იმართლოს. ეს არის საბჭოთა ყველაზე მდაბიო მეთოდი. ახლა მთავარი კითხვაა, რა აქვთ ვალდებულება მედიასაშუალებებს და „ენჯეოებს?“. ამ კანონის მიხედვით, ერთადერთი მოთხოვნა არის, ყოველი წლის იანვარში წინა წლის ფინანსების შესახებ დეკლარაციის შევსება. ეს რატომ არის რუსული? მაშინ ჩვენ ყველანი რუსულად ვიქცევით, როცა წინა წლის შესახებ დეკლარაციას ვავსებთ. ლარი და ორი ლარი რომ ვინმეს შეეშალოს, ისინი ჯარიმდებიან. წამოვიღე მტკიცებულებები იმის საწინააღმდეგოდ, რომ ისედაც გამჭვირვალეა მათი ფინანსები. ეს ყალბი ნარატივია. არანაირი ვალდებულება დეკლარაციის შევსების შესახებ ქართულ კანონმდებლობაში დღეს არ არსებობს. ფინანსთა სამინისტროს იშველიებენ და იქ მსგავსი ვალდებულებები არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე მოიყვანა რამდენიმე მაგალითი გრანტების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით.

„მტკიცებულებები წამოვიღე. 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კანვასიატრენინგებდა გარკვეულ ჯგუფებს რევოლუციის განსახორციელებლად. დამფინანსებელი ორგანიზაციის, „USAID“- ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრენინგი ეხებოდა ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დახმარებას. გავრცელებულ კადრებში კი ჩანდა, როგორ ატრენინგებდნენ გარკვეულ პირებს ხელისუფლების დამხობის მეთოდებში. მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაციას, რომ „თბილის პრაიდი“ „ვილა მოსავალში“ ატარებდა სემინარს, სადაც საუბარი იყო, როგორ დაეჭირათ მხარი არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის. სემინარის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებთან თქვეს, რომ ტრენინგი ეხებოდა რუსულ დეზინფორმაციას, ხოლო დამფინანსებელმა, „გაერო-ს განვითარების ფონდმა“ განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების დაცვას.  რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მთავარმა არხმა“ გრანტის სახით მიიღო იმ თანხის 5-6 პროცენტი, რომელიც გამოყოფილია საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდის ირგვლივ მხარდაჭერისთვის. გვარამიამ განაცხადა, რომ ეს იყო გრანტი მიზნობრიობის გარეშე, რაც ბუნებაში არ არსებობს, ხოლო მოგვიანებით არხმა განაცხადა, რომ გრანტი გამოუყვეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის. გრანტის ოდენობა და მისი გამცემის ვინაობა კვლავ უცნობია“, – განაცხადა მდინარაძემ.