მამუკა მდინარაძე - რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში თავის მტრულ და მავნებლურ ქმედებებს კვლავ აგრძელებს
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში თავის მტრულ და მავნებლურ ქმედებებს ისევ აგრძელებს, რომლის შედეგი კიდევ ერთხელ ვნახეთ, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს.
„ქართული მხარე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს და არა მხოლოდ იმას, რაც საჯაროდ ჩანს, არამედ, რაც არ ჩანს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში გამოიხატება. თუ ვინმე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ნაკლებობა არის, ის უბრალოდ არ იცნობს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მისი კომუნიკაციის ინტენსივობას. ხაზგასმით ვამბობ, ყველაფერს გავაკეთებთ განსაკუთრებით ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დეოკუპაციის გზაზე შეუქცევადი სიარული არ შევწყვიტოთ და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, რისკები ყოველდღიურად არსებობს.
„სამწუხაროდ, ყოველ დღე გვაქვს რისკები, ძალიან ხშირად მათ დაზღვევას ვახერხებთ, არის გამონაკლისები, როცა რისკების დაზღვევა ვერ ხდება ხოლმე და აღნიშნულ შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე. ყველა ფორმატში, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვეცდებით, რომ ეს პრობლემაც რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას. საბედნიეროდ, რამდენიმე ათეული წარმატებული ქეისი გვაქვს, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება. საქართველო თავის მოქალაქის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყება მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.