მამუკა მდინარაძე - რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ 
მამუკა მდინარაძე - რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ 

რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მივიღებთ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და სწორედ ამიტომ ჩატარდება მინისტერიალი.

„რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი იქნება გადაწყვეტილება, ამის  თანაავტორები იქნებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. წინასწარ ამაზე საუბარი არ შემიძლია, წინასწარ ვერ გავახმოვანებ გადაწყვეტილებას და ვერც მის პროექტს. შესაძლოა, ამაზე საუბარი დაწყებულია არაფორმალურ გარემოში, სხვადასხვა ადამიანებთან და რჩევების მიღებაც კი, მაგრამ გადაწყვეტილებისკენ ჯერ არ წავსულვართ. საქმის კურსში იქნებით, ეს პროცესი რა გადაწყვეტილებით დასრულდება. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ვისაც დარღვეული ექნება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, იმაზე გადაწყვეტილება აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს, ხოლო ვისაც არ ექნება დარღვეული, იმაზე აბსოლუტურად სხვა რეჟიმში უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ გეტყვით“, – განაცხადა მდინარაძემ.