მამუკა მდინარაძე - რთულია დაჯერება, რომ მოწმე იორდანიშვილი ხუთ მეტრში უყურებდა მოვლენებს და ამის შესახებ არაფერი ახსოვს
რთულია დაჯერება, რომ ხუთ მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ ამის შესახებ არაფერი გახსოვდეს,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილის გამოკითხვის შეფასებისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, იორდანიშვილი შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებოდა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და მომხდარის შესახებ ჩვენებას არ იძლევა.
„საქმეში უამრავი მოწმის ჩვენება არსებობს, რომ ის ადამიანი, რომელიც ახლა, ბოლოს გამოვკითხეთ, შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო.
ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და ჩვენებას იმასთან დაკავშირებით არ იძლევა, თუ რა მოხდა. დეტალებზე საუბარი ზედმეტია. ეს ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მაქსიმუმ ხუთ მეტრში იმყოფებოდა და ამის ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას არ იძლევა.
დასკვნებისგან თავს შევიკავებ. ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ხუთ მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ ამის შესახებ არაფერი გახსოვდეს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მოწმეები ამ საქმეში სხვებიც არიან და არა მხოლოდ ეს ადამიანი. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია მაქსიმალურად წამოვიღოთ რაც შესაძლებელია“,- განაცხადა მდინარაძე.
ამასთან, მისივე თქმით, გამოიკითხებიან ის ადამიანები, ვინც მომხდარს საცხოვრებელი სახლებიდან უყურებდა.
„გარდა ამ მოწმისა ჩვენ ვცდილობთ, სხვა თვითმხილველი მოწმეებიც გამოვკითხოთ, რომლებიც შემთხვევას უყურებდნენ ზემოდან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან, ფანჯრებიდან. იქნებ მათგან მაინც რაღაც ისეთი ინფორმაცია წამოვიღოთ, რაც კიდევ უფრო გაგვიხსნის ხელ-ფეხს, რომ რეალობა დავინახოთ.
წინასწარ დასკვნები, მოწმეების ჩვენებების შეფასება, ვიდრე რაღაც ეტაპს მაინც არ ამოვწურავთ საგამოძიებო მოქმედებების, ყოველთვის შეცდომაში შეყვანაა სხვა ადამიანების, ვისაც ამას უყვებით.
აქედან გამომდინარე, ჯერ დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს ვაფიქსირებ, რაც შემიძლია. ხუთ მეტრში ხდებოდეს რაღაც და შემდეგ ამას არ ამბობდე, ძალიან რთული დასაჯერებელია. მაგრამ ამის იქით მე შეფასებებში ჯერ ვერ შევალ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხორავას ქუჩაზე დღეს ის პირი გამოიკითხა, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ადგილზე იმ ავტომობილით იყო მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.
კომისიის წევრებს უკვირთ, როგორ ვერ დაინახა მოწმე იორდანიშვილმა მოზარდების დაპირისპირება, როცა საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა.