მამუკა მდინარაძე - რომელიმე პარტია ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი თუ გადაწყვეტს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის გეგმებში შეყვეს, ეს არის მისი რისკი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ რომელიმე პარტია ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გადაწყვეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის მიხედვით იმოქმედოს, ეს მათთვის იქნება რისკი, როგორც რეპუტაციული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
„თუკი რომელიმე პარტია ან არასამთავრობო სექტორის რომელიმე წარმომადგენელი გადაწყვეტს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის გეგმებში შეყვეს, ეს არის მისი რისკი, ერთ შემთხვევაში რეპუტაციული რისკი, მეორე შემთხვევაში პოლიტიკური რისკი. ეს მათი გადასაწყვეტია. თუ რომელიმე პარტია დღეს დგას პრორუსულ პარტიასთან ერთად, ეს მისი რისკია. თუ რომელიმე პარტია დგას, ასევე, ჩემი აზრით და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული, რუსული საქმის მკეთებელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და თავის სხვადასხვა განშტოებებთან ერთად, ესეც მისი რისკია. დაე, გადაწყვიტონ მათ, სად ურჩევნიათ დგომა, რომელ პოზიციაზე“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ სიცრუეა საუბარი, თითქოს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში მოქმედ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
„თანაც ისინი ორი სამი დღის განმავლობაში გერმანულზე გადასვლას კი არა, გერმანულის მსგავსს ამბობენ, ამ ახალ მესიჯზე გადადიან. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი, ნებისმიერი კონსტიტუციონალისტი და იურისტი მარტივად იტყვის, რომ არცკი შეიძლება სერიოზულად განვიხილოთ ის, რომ გერმანულის მსგავსი სისტემა, როგორც ახლა დაალაგეს ახალი მესიჯი, შეიძლება შეესაბამებოდეს ქართულ კონსტიტუციას. გერმანული, ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, არის მთლიანად პროპორციული სისტემა, სადაც ხდება დეპუტატების პერსონიფიცირება. ეს არის ცალსახად ძალიან ცუდი ტყუილი, რომელსაც სთავაზობენ საზოგადოებას“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.