მამუკა მდინარაძე - რომელიმე ჩვენი თანამემამულე თუ ფიქრობს, რომ ამერიკელი, ევროპელი ხალხის ფული გამოიყენოს საქართველოში არეულობისთვის, ძალადობისთვის, ეს არის ყველაზე ანტიევროპული, ანტიდასავლური ქმედება
ნებისმიერი ორგანიზაცია იქნება თუ ადამიანი, როდესაც ეუბნება პოტენციურ დამნაშავეს ან სამართალდამრღვევს, რომ თუ რამეს ჩაიდენ, ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა, მე ავიღებ ჩემს თავზე, იქნება ფინანსური თუ სხვა, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პირდაპირი და არა ირიბი მცდელობა. ამას აკეთებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც უხდიან ფულს სამართალდამრღვევებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები ხშირად არ უთანხმებენ თავიანთ ქმედებებს ცენტრალურ ოფისს.
„სასჯელის და გარკვეული სახდელის თუ ნებისმიერი სანქციის პრევენციული მხარე თუ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა პირადად არ უნდა იფიქროს სამართალდარღვევაზე და დანაშაულზე, იმიტომ, რომ დაეკისრება გარკვეული სანქცია, ამ სანქციის მოხსნა, ამ შემთხვევაში – ჯარიმის გადახდა, ნიშნავს კანონების და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას და პირდაპირ მტრობას. ამიტომ არის, რომ უკვე რამდენი დღე გავიდა, ჩვენ კიდევ არ ვიცით ვისი ფულია, ხან USAID-ს დააბრალეს. ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ, როგორც ჩანს და იკვეთება, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრს სცოდავენ, რადგან გარკვეული ლოგიკაც და ინფორმაციაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური ოფისიდან მათ არ აქვთ ისეთი მითითებები, რომ აქ ძალადობრივი რევოლუციის ხელშეწყობაზე იფიქრონ. კარგია, რომ ეს ნელ-ნელა ირკვევა და თუ რომელიმე ჩვენი თანამემამულე, ქართველი ადამიანი ფიქრობს, რომ ამერიკელი ხალხის, ანუ ამერიკელი გადამხდელის ფული, ევროპელი გადამხდელის და ევროპელი ხალხის ფული გამოიყენოს საქართველოში არეულობაში, ქაოსში, ძალადობაში და ა.შ. ეს არის ყველაზე ანტიევროპული, ყველაზე ანტიამერიკული, ანტიდასავლური ქმედება, რასაც, როგორც ჩანს, დიდი სიამოვნებით ახორციელებენ ამ ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები“, – განაცხადა მდინარაძემ.