მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის თანამზრახველების უმაღლეს თანამდებობებზე დანიშვნის საკითხების გარკვევას არ ვაპირებთ, ახლა ამის დრო არ არის, უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა
უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილედ როგორც ვიცი, დაინიშნა ადამიანი, რომელიც მხილებული და ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილის არაჟნებთან ერთად შემოპარვის საქმეში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.
მდინარაძის თქმით, ქართული მხარე ამ თემის გარკვევას არ აპირებს, რადგან დღეს უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა.
„ეს უხერხულობა არსებობს, თუმცა დღეს ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემის გარჩევას, გარკვევას იმ ქვეყანასთან, რომელიც ახლა არის რუსეთის აგრესიის ობიექტი. არ ვაპირებთ, ამ თემებზე ვისაუბროთ. ახლა ამ თემების დრო არ არის, თუმცა ყველაფერი გასაგებია. გუშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა, რომ უკრაინის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კონტაქტები აქვთ დილით, შუადღეს, საღამოს და შემდეგ „ლელოს“ წევრები მათ დალაგებულ ინიციატივებს ახმოვანებენ. გასაგებია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებად ინიშნებიან ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველები არიან და მათთან ერთად სისხლის სამართლის საქმეებში იხილებიან. უკრაინასთან ამ საკითხების გარკვევას არ ვაპირებთ, დღეს მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, რასაც ურყევად გამოვხატავთ მსოფლიოში ნებისმიერ პლატფორმაზე, მათ შორის ჰუმანიტარული თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.