მამუკა მდინარაძე - როგორც კი გადათვლის შედეგად ნახეს, რომ დარღვევები არ აღმოჩნდა, გააჩინეს ახალი ნარატივი, რომ დათვლას აზრი არ აქვს
როგორც კი გადათვლის შედეგად ნახეს, რომ დარღვევები არ აღმოჩნდა, გააჩინეს ახალი ნარატივი, რომ დათვლას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ნარატივი გაჩნდა ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის საუბარშიც.
„როდესაც პრაქტიკულად, კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი ხარ და გაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან, „ფეისბუქში“ უკვე ვრცელდება დიმიტრი შაშკინთან მისი მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, აქ შესაძლოა, ეს ყველაფერი სუბიექტური ინტერესებით იყოს გამოწვეული. ბუნებრივია, ასეც არის. არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე ახლო ურთიერთობაში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან და შესაძლოა, მათგან დავალებებსაც იღებდნენ, ასეთი ფონის შესაქმნელად იგივე დავალება გაიმეორონ. შეიძლება ეს ბევრი არ იყოს, მაგრამ რამდენიმე ერთეული შემთხვევაც კი მათ ილუზიას უჩენს, რომ შექმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს ჩამოიშალა ქვეყანა. საქართველოში არაფერი არ იმალება. ისედაც ძალიან ბევრი ინფორმაციის გავრცელების წყაროა.
გადაითვალა ყველაზე პრობლემატური უბნები და აღმოჩნდა, რომ იქ არანაირი პრობლემა არ არის. ახლა უკვე ახალი ნარატივი გააჩინეს, მათ შორის ივანე ბურდულის „ვორდინგში“ გამოჩნდა ასეთი ნარატივი, რომ „აზრი არ აქვს დათვლას“. როგორც კი ნახეს, რომ ერთზე, ორზე, ათზე, 19 უბანზე არ აღმოჩნდა არანაირი დარღვევა, იმ წუთას დაიწყეს ახალი ნარატივის გამოგორება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე ბურდულმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი