მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ნიკა მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, მნიშვნელობა არ აქვს სახელებს, გვარებს, „ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია
ნიკა მელია, როგორც ჩანს, ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, „ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.
„როგორც ჩანს, მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია? ამას ამბობს? – მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ სახელებსა და გვარებს. „ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, ეს ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია. ბრძოლა შეეხება მათ შორის იმას, ვის განკარგულებაში იქნება თავის დროზე მოპარული „ნაცმოძრაობის“ დიდი ფინანსები. მათ შორის ომის შემდეგ მითვისებული დიდძალი თანხები, რომლითაც საქართველოში აქციები იმართება.
ბოლო პერიოდში ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ვხედავთ. ინფორმაცია ხომ გახსოვთ, რომლის მიხედვით, მილიონნახევარი უნდა დახარჯულიყო ევროპელ ლობისტებში იმისთვის, რომ საქართველოს როგორ არ მიეღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ფაქტი ხომ იყო, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის შიგნით და გარეთ მუშაობდნენ? მათ შიდა კლანურ ბრძოლაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შორის ჩხუბია – ფინანსებზე, შიდა გავლენებზე და ასევე იმაზე, ვინ დაიტოვებს და დააფინანსებს „მთავარს“, „ტვ პირველს“. ვიცით, რომ ამ ტელევიზიებში სერიოზული ფინანსური პრობლემებია და „ნაცმოძრაობის“ ოლიგარქები ერთმანეთს არ უშვებენ და ერთმანეთს ზიანს აყენებენ, ბრძოლა მიდის. ეს ქვეყნისთვის კარგია. ოპოზიცია რომ სუსტია, ეს ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ „ნაცმოძრაობა“, რადიკალები და ქვეყნის მტრები რომ სუსტდებიან, კარგია. შიდა კლანური გარჩევებით სუსტდებიან და ეს კარგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.