მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით
განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ იქნება შეფასებები, თუმცა როცა არის ფაქტები, ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდნარაძემ ისტორიის სახემძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო და არის მეცენატე და ქველმოქმედი.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს, ამ სახელმძღვანელოში რაც ვნახე, ყველა პრეზიდენტზეა საუბარი. სხვათაშორის, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მაინც და მაინც ზეპირად უნდა გვქონოდა ნასწავლი, იქ რა იყო ჩაწერილი, რადგან პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა დაექვემდებაროს ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები.
როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით, როგორც ამ სიტყვას თავად იყენებენ. ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ იქნება შეფასებები, მაგრამ როცა არის ფაქტები, ამ ფაქტებზე ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ. მე არ ვიცი, რა ეწყინათ მათ, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეცენატად იქნა მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად, რომელი არ არის მართალი, აქვე შეგიძლიათ, მიპასუხოთ. მეცენატე არ არის და არ იყო, თუ ქველმოქედი არ იყო, თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება? ამას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი ასე ამბობენ და საკუთარ მიღწევად მიიწერენ, გასაგებია, მაგრამ დემოკრატიული ცვლილება რომ მოხდა, ის არ არის მართალი, მეცენატე რომ იყო ბიძინა ივანიშვილი, ის არ არის მართალი, თუ ქველმოქმედი რომ იყო და არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.