მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება
როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, პოლიტიკური კურიოზი ის არის, რომ ამ თემაზე თავად მარგველაშვილი ლაპარაკობს.
„ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება ნებისმიერი დავასახელოთ, რომელიც უალტერნატივო იქნება და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არა მხოლოდ გამოძახილია, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჯერ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, შეიძლება იყაროს თუ არა კენჭი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკური კურიოზია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.