მამუკა მდინარაძე - როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლოა და საქართველოს ლობირებს, ჩვენი ქვეყნის პოზიცია დააზიანოს?
როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ, რომელიც არის ამ ქვეყნის და მისი ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტი, იქონიოს ნეგატიური გავლენა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე? – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნგრეთის პოზიცია, რომელიც უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკეკების დაწყების წინააღმდეგ გამოდის, მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია და ოპოზიციის ნარატივია.
„ნახეთ, რამდენად სულელეური არგუმენტი მოიგონეს. როდესაც უნდათ – ტიოა, როდესაც უნდათ – განცალკევებულია და ასე შემდეგ. ამას დავანებოთ თავი, რადგან სისულელეა. როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ საქართველოზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, როდესაც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია უნგრეთი? წარმოიდგინეთ, რა არგუმენტს იგონებენ, როგორ არ უნდათ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ, რომელიც არის ამ ქვეყნის და მისი ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტი, იქონიოს ნეგატიური გავლენა? მისი და უკრაინის ურთიერთობაში ჩვენ ვერევით ერთადერთით, მოვუწოდებთ უნგრელებს, რომ, კი ბატონო, დიდი მადლობა, რომ ჩვენ ასე გვიჭერთ მხარს და გვლობირებთ ამ საკითხში, მაგრამ მოგიწოდებთ, უკრაინასაც არ შეუშალოთ ხელი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში. ან ჩვენმა, ან უნგრელების საქართველოსთან დამოკიდებულებამ და პოზიციამ როგორ შეიძლება, ხელი შეუშალოს? ხელი შეუწყოს – ეს რეალური არგუმენტი და რეალური მოლოდინია, მაგრამ ხელის შეშლა როგორ უნდა მოხდეს? ანუ ვიღაცებს წარმოდგენა აქვთ ევროპელებზე, რომ რომელიღაც ევროპული პარტიის ლიდერი ან სახელმწიფოს ლიდერი შეიძლება გაბრაზდეს ორბანის პოზიციაზე და საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც ნეგატიური პოზიცია გამოხატოს? ეს წარმოდგენა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე? ანუ, როცა გნებავთ, პაკეტია და ტრიოა და როცა გნებავთ, გამოცალკევებულია? ასე არ არის. ნუ აჰყვებით სულელურ არგუმენტებს. პაკეტს კი არ ბლოკავს, ამბობს ის ქვეყანა ცუდ რაღაცას, ერთი მხრივ, ჩვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ, ერთი მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ იკადრეს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ, ჩვენ მათ ასე არ ვექცევით, პირიქით, იმავეს არ ვაკეთებთ, არასდროს ვიკადრებთ. პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროინტეგრაციის ნებისმიერ ნაბიჯს, რაც უნდა წინ იყოს, უკან იყოს, ჩვენთან ერთად იყოს, ყველაფერს მხარს ვუჭერთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხება არ მოხდეს და უკრაინელებსაც ამას მოვუწოდებთ. ჩვენი დელეგაციაც თავისი ურთიერთობების ფარგლებში ამას აკეთებს. მაგრამ ცალკე აღებული, როგორ შეიძლება, უნგრელების პოზიციამ, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლოა, პირიქით, ლობირებს, საქართველოს პოზიცია დააზიანოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველო უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებში ერევა მხოლოდ მოწოდებით, ხოლო რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით, ის ლობირებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
„ქვეყანა რომ დაინგრეს, ქვეყანა რომ დაიქცეს, რაღაცები რომ მოხდეს, ცუდი რომ მოხდეს, ატომური ბომბი რომ აფეთქდეს – ეს არ არის რეალისტური ვარაუდები და რომ არ არის, დამტკიცდება მომდევნო პერიოდში, ძალიან მალე, მერე მაინც დამშვიდდებით, ამიტომ ნუ ლაპარაკობთ. უნგრეთისა და უკრაინის ურთიერთობაში ჩვენ ვერევით ერთი რაღაცით, მხოლოდ მოწოდებით. ეს არის მათი ურთიერთობა და ჩვენ სხვა ბერკეტები არ გაგვაჩნია. თუ გინდათ, რომ საქართველომ თავი იმართლოს უნგრეთის პოზიციის გამო, არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. თქვენ გინდათ, რომ თავის მართლების რეჟიმში ჩავდგეთ უნგრეთის პოზიციის გამო, და უნგრეთს საქართველოსთან მიმართებით, რაც ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს, აქვს უდიდესი პოზიტივი და ასეთივე პოზიცია, გვლობირებს ევროინტეგრაციის გზაზე ეს ქვეყანა და მისი ლიდერი. მადლობის გარდა, არაფერი გვეთქმის. მაგრამ მოწოდებითაც მოვუწოდებთ, რომ არ შეაფრეხოს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი, რაც არ უნდა არგუმენტები ჰქონდეთ, რადგან ის ქვეყანა ომშია. დანარჩენი, როგორ ხდება, რა ხდება, არ არის საინტერესო. ჩვენ მოვუწოდებთ და ცალმხრივი მეგობრობის ფარგლებშიც კი, მოწოდების რეჟიმში ვართ, რომ არ დაიბლოკოს უკრაინის სიტუაცია. ახლა – საქართველოც თუ მოჰყვა, მერე ისე თუ მოხდა, თუ ჩამოიქცა, თუ დავინგრიეთ, თუ ავფეთქდით და უბედურება თუ მოხდა, ახლა ეს ვისი ბრალიაო – ეს არის „ნაცური“ ნარატივი. ძალიან გთხოვთ, ყოველ წუთში ამ „ნაცურ“ ნარატივს ნუ გაახმოვანებთ ხოლმე, რადგან აბსოლუტურად სპეკულაციურია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.