მამუკა მდინარაძე - როდესაც ვიღაც ყველაფერზე მიდის და საშიშია დესტრუქციულ მოქმედებებში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ კანონის აღსრულებაზე უარი უნდა თქვას
როდესაც ვიღაც ყველაფერზე მიდის და საშიშია თავის დესტრუქციულ მოქმედებებში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სახელმწიფოებრიობაზე და კანონის აღსრულებაზე უარი უნდა თქვას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კანონი უნდა აღსრულდეს, ისე, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული.
„ჩვენ, ყველაფრის ხარჯზე არ მივდივართ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ჯერ კონკრეტული აღმასრულებელი რგოლები ფიქრობენ, როგორ უნდა აღსრულდეს და როგორ უნდა შესრულდეს თუნდაც მტკივნეული გადაწყვეტილებები, რაც სახელმწიფოებრივად აუცილებელია, ისე რომ ამავდროულად ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. შესაბამისად, მეტ დეტალში პოლიტიკოსები ვერ ჩავალთ, მაგრამ როდესაც სამართლებრივი გზა არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს სპეკულაციური ნარატივი მოდის, ბუნებრივია, აქაც გავდივართ სამართლებრივი გზით გადაწყვეტაზე კონკრეტული დეტალების. საუბარი და შიდა კამათი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა ვადაში უნდა აღსრულდეს ეს. მეტ სიღრმეში და შსს-ს კომპეტენციაში, დეტალებში ჩვენ ვერ ჩავალთ. კანონი უნდა აღსრულდეს, გადაწყვეტის გზებზე ვერ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ რა ფორმით და როგორ. ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, რომ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უამრავი ინფორმაციაა და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი ინფორმაცია აქვს როგორ პარტიას, შესაბამის ორგანოებს იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოერიდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერს, არანაირი სირთულის და სიმძიმის პროვოკაციას. როდესაც ვიღაც ყველაფერზე მიდის და საშიშია ის თავის დესტრუქციულ მოქმედებებში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სახელმწიფოებრიობაზე და კანონის აღსრულებაზე უარი უნდა თქვას“, – განაცხადა მდინარაძემ.