მამუკა მდინარაძე - როდესაც პატიმარი ეწევა თვითდაზიანებას, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე
მამუკა მდინარაძე - როდესაც პატიმარი ეწევა თვითდაზიანებას, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე

როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც თვითდაზიანებაზე აიღებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა,  რომ ყველა ობიექტურად მოფიქრალმა ადამიანმა რატი ბრეგაძის განცხადება სწორად აღიქვა, რომ სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს, რათა დაიცვას პატიმრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, უფლებები, რაც, მდინარაძის თქმით, საქართველოში ზედმიწევნით სწორად ხორციელდება.

„ყველა ქვეყანაში არსებობენ პატიმრები, რომლებიც თვითდაზიანებით არიან დაკავებული. ეს სამწუხარო პრაქტიკაა.  მიხეილ სააკაშვილი პირველი არ არის და არც ბოლო იქნება. სულ იყო, არის და იქნება თვითდაზიანებით თავის დახსნის მცდელობები, ამიტომ სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რომ აქედან გამომდინარე რისკები შეამციროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ყველა პატიმარზე ვრცელდება, მაგრამ ამ პასუხისმგებლობასაც აქვს თავისი ჩარჩო.

ძალიან მკაფიოდ რომ ვთქვათ და დარწმუნებული ვარ, ყველა ობიექტურად მოფიქრალმა ადამიანმა რატი ბრეგაძის განცხადება სწორად აღიქვა, რომ სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს, რათა დაიცვას პატიმრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, უფლებები და ა.შ., რაც ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ზედმიწევნით სწორად ხორციელდება, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე.

არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც თვითდაზიანებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. არათუ საქართველო, არამედ მსოფლიოში ერთ ქვეყანას, ან ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ეს ადამიანი, რომ თვითდაზიანებაზე რომელი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას, ვერც ერთი და არცერთი. ხომ მეთანხმებით ამაში, რომ ვერც ერთი ქვეყანა თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

ძალიან ბევრი მაგალითია, სამწუხაროდ, ცუდია ამის თქმა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის, ზოგი მუცელს იფატრავს, ზოგი ვენებს იჭრის, ზოგი ტანს ისერავს, ჟანგიან ლურსმნებს ყლაპავს  და ასე იყენებენ თვითდაზიანებებს, მაგრამ არცერთი ქვეყანა ამაზე არ იღებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას იღებს თავისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ჩარჩოებში, რომ მან, ნებისმიერმა დემოკრატიულმა, ნორმალურმა და ცივილიზებულმა  ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის დასაცავად, მაგრამ თუკი პატიმარს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეხვეწება ​პენიტენციური სისტემა, სამედიცინო პერსონალი, ექიმი, ექთანი,  რომ მან მიიღოს გარკვეული საკვები, წამალი, გადასხმა და ის ამას არ აკეთებს, მაშინ რთულია პასუხისმგებლობის აღება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არცერთი სახელმწიფო არ მიჰყვება ულტიმატუმს თვითდაზიანების შემდეგად გათავისუფლების შესახებ.

„არცერთი სახელმწიფო არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიჰყვება ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება, გათავისუფლების საფუძველი გახდეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ყოველთვის არსებობდა თვითდაზიანების პრაქტიკა, თუმცა მსგავსი ულტიმატუმის გამო არცერთ სახელმწიფოს არ გაუთავისუფლებია პატიმარი.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, თვითდაზიანების გამო გათავისუფლება შესაძლოა, საშიშ პრეცედენტად იქცეს და დომინოს პრიციპით გადამდები გახდეს სხვა პატიმრებისთვის.

„ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანების შემსწრეა ეს სისტემა და არცერთი შემთხვევა არ არის, რომ თვითდაზიანების გამო რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოს დაეშვას, ამ ულტიმატუმით პატიმარი გაეთავისუფლებინოს. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, რაც პირდაპირ ურტყამს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და საპატიმროების წესრიგს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.