მამუკა მდინარაძე - როდესაც ხდება გარკვეული მოქმედებები, რაც ქმნის საფრთხეს, სტრატეგიულ ობიექტში არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება, ამას უშვებს კანონმდებლობაც
როდესაც ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, გარკვეული მოქმედებები, რაც მყისიერ საფრთხეს ქმნის, სტრატეგიულ ობიექტში არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობაც, როგორც ეს მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველამ ნახა კადრები, რომ აქციის მონაწილეები ღობეს ანგრევენ, ღობეზე ფეხით დახტიან, ქვებს ესვრიან პოლიციელებს.
„შემიძლია გიპასუხოთ, რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში შეჭრას. ვნახეთ კადრები, როდესაც ისინი ღობეს ანგრევენ, ღობეზე ფეხით დახტიან, ქვებს ესვრიან პოლიციელებს. ასეთ დროს მსოფლიოში, არც ერთ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი, ვერ დავიწყებ გაფრთხიელბას და ამ გაფრთხილების შემდეგ მოქმედებას. გაფრთხილება ხდება როდესაც, ვთქვათ არის დაშლის ყველანაირი წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის, ამ შემთხვევაში უნდა გააფრთხილო, თუ აუცილებელია დაშლა რაღაც ღონისძიების, რაღაც მიტინგის თუ აქციის, მაგრამ არ არის თავდასხმა. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად, როდესაც ხდება უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, გარკვეული მოქმედებები, რაც მყისიერ საფრთხეს ქმნის, სტრატეგიულ ობიექტში არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობაც, როგორც ეს მოხდა. როდესაც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები რაშიც იყო საქმე, სხვა გზა ფიზიკურად ვერ ექნებოდა პოლიციას, რომ არა ასევე მყისიერი რეაგირება, მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.