მამუკა მდინარაძე - როდესაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზე ავიდეს, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება, ეს ძალიან სამწუხაროა
როდესაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზე ავიდეს, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება, ეს ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ მეგობრობას და თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის, არც ვიზებს აძლევს შენს მოქალაქეებს, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები და ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგალითად, ჩინეთმა ეს ძალიან მოკლე დროში მოახერხა და გააკეთა, რაც ძალიან კარგია. ბევრმა მოიშველია არგუმენტი, თითქოს ჩინეთს ბევრ ქვეყანასთან აქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი და ამერიკას – არა. თუ არ ვცდები, 40-ზე ნაკლებ ქვეყანასთან აქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი ჩინეთს, 40-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გახსნილი აშშ-ს. ამიტომ არის რაღაც ზღვარი, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, პატარა ქვეყანა, თუნდაც ჩვენხელა და ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება, ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველო ბევრი რამით ადასტურებს ერთგულებას და მეგობრობას პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ.
„მაგალითად, ჩვენ ათეულობით მოქალაქე ნატო-ს მისიებში დავკარგეთ, ჩვენი ჯარისკაცები, ასეულობით დასახიჩრებული, დაჭრილი ახალგაზრდა გვყავს. არამხოლოდ ამ კონკრეტულით, ბევრი რამით ვაჩვენებთ და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას, მეგობრობას ჩვენი პარტნიორების, მეგობრების მიმართ და ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რაღაც ეტაპზე ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ თამამად, თანასწორად ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებს და ვეუბნებით, რომ ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს, ეს არის ორმხრივი და რაც არ უნდა დიდი იყო, რაც არ უნდა დომინანტი იყო, რაც არ უნდა ძლიერი იყო ჩემზე ეკონომიკურად, მეგობრობის ფარგლებში უნდა ვთხოვოთ მათ და თუნდაც მოვითხოვოთ, რომ სწორი, რელევანტური, მეგობრული და ნამდვილად პარტნიორული დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩვენთან, ჩვენს მოქალქეებთან. როდესაც ვხედავთ, რომ სხვას უფრო უიოლდება ეს, ჩვენ რადგან ამ მეგობრობის რეჟიმში ვართ და მაინც ვრჩებით, ამიტომ არ უნდა დავიჩაგროთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.