მამუკა მდინარაძე - როცა სჭირდებათ, ღარიბაშვილის მამა არის ღატაკი და პენსიის გარდა, შემოსავალი არ აქვს, თუ „საჭირო გახდება“, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს, ჩამოვყალიბდეთ
მამუკა მდინარაძე - როცა სჭირდებათ, ღარიბაშვილის მამა არის ღატაკი და პენსიის გარდა, შემოსავალი არ აქვს, თუ „საჭირო გახდება“, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს, ჩამოვყალიბდეთ

როცა გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი არის ღატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. თუ „საჭირო გახდება“, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს. რანაირად არის ეს ამბავი, ამაზეც ჩამოვყალიბდეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, მიმდინარეობს შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული ათეულობით და ასეულობით მილიონი, მაგრამ არ გამოდის.

„კულისებიდან რომ ავრცელებთ ხოლმე ინფორმაციებს, აქვს ღვინის ქარხანა ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესები, თუ არა? ჩამოვყალიბდეთ, ამ კაცს რაღაც ბიზნესი აქვს, თუ არა. პირადად, პრემიერ-მინისტრისთვის არასდროს დამისვამს კითხვა მამის ბიზნესებთან დაკავშირებით, თუმცა მსმენია, რომ მას რაღაც ბიზნესები აქვს, ჰქონდა თანხა და გადაიხადა შვილიშვილის გამგზავრებაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ჩემთვის სარწმუნოა. დაელოდეთ, დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი. მიმდინარეობს შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ ათეულობით და ასეულობით მილიონი, მაგრამ არ გამოდის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან.