მამუკა მდინარაძე - როცა ნათელი ხდება, რომ ოპონენტების კანონპროექტი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, პირად შეურაცხყოფაზე გადადიან
როგორც კი არგუმენტები უმთავრდებათ და ნათელი ხდება, რომ ოპონენტების კანონპროექტი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, მხოლოდ დღის წესრიგის შექმნას და მათთვის ტრიბუნის მიცემას ემსახურება, პირად შეურაცხყოფაზე, ტალახისა და ნებისმიერი სიბინძურის სროლაზე გადადიან, – ამის შესახებ პირველ არხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ოპონენტები იმით სარგებლობენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცდილობენ, იგივე არ იკადრონ.
„ადამიანები რაღაცას იგონებენ და ამ დროს თმენის ვალდებულება გაქვს, სუბიექტურ ინტერესებზე დეტალურად არ პასუხობ, რადგან ეს არ არის თემა, რაზეც საჯაროდ უნდა ილაპარაკო და ეს ყველაფერი ჭორაობას დაამსგავსო. ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ეს არის. ვისურვებდი, კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმაზე ვისაუბროთ. ჯერ კრიტერიუმებს ითხოვდნენ და ახლა თურმე ყველაფერს ბლოკავს და კეტავს. დეპუტატები ჭრელი პეპლები არ არიან, არც გაფრინდნენ და არც მოფრინდნენ. კრიტერიუმებს ითხოვდნენ, მიიღეს და მკაცრი კრიტერიუმები რომ ნახეს, მიხვდნენ, რომ თუ ვინმეს ლობირებას დააპირებენ, გამოცდას თუ ვერ ჩააბარებენ, სასამართლოში ვერ მოხვდებიან და საპირისპიროს ამტკიცებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.