მამუკა მდინარაძე - რეზოლუციის ჩანაწერი, თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები, არის მოღალატეობრივი
რეზოლუციის ჩანაწერი, რომ თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები არის მოღალატეობრივი და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის განცხადებით, როგორც ჩანს, მისი გუშინდელი ნათქვამი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მწარე აღმოჩნდა, თუმცა, როგორც მისი თქმით, ამ ყველაფრის „გაპრავების“ მცდელობა შეუძლებელია.
„ისინი დღეს ამართლებენ თითქოს იმით, რომ იქ ოკუპაცია და კარგი რაღაცები ეწერა, კი ბატონო, მაგრამ რა უნდა დააჯერონ ქართულ საზოგადოებას, რომ თანამედროვე, ცივილიზებული სამყარო არ ჩაწერდა იქ ოკუპაციას და რუსეთს არ დაადანაშაულებდა იმაში, რაც მათ გააკეთეს იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ჩაწერდნენ და მხარს არ დაუჭერდნენ იმას, რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ საბრძოლო მოქმედებები? ამას გვაჯერებენ? წარმოუდგენელი და პიარული თავხედობაა ის, რომ გააპრავო მოღალატეობრივი საქციელი, რაც შეეხება ისკანდერის ნაწილებს, ისკანდერის ფრაგმენტი იყო თუ კოვიდის ახალი შტამი, რომ წლები სჭირდებოდა მასზე ექსპერტიზას. არც ექსპერტიზის საბუთი არსებობს, ვერ იარსებებს – ეს არის მტკნარი სიცრუე, არც ექსპერტიზის დადგენილება ან რაღაც ფორმა ან მიმართვა არსებობს, უბრალოდ ისკანდერის ნაწილი იყო გამქრალი და წლები მოუნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მის მოძიებას, კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოტანილი და შემდეგ წარდგენილი მტკიცებულების სახით. დღეს მივიღეთ პასუხი, რომ იმ ადგილას იყო ახალი მოფიქრებული ტყუილი იმისთვის, რომ ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანი მტკიცებულების არარსებობა და არ წარდგენა საქმეში რამენაირად ასევე გაპრავდეს მათი მხრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შეუძლებელია ამის „გაპრავებაც“ იქედან გამომდინარე, რომ ფიზიკურად იყო მოცემულობა, როდესაც ინფორმაციის, ლოგიკის და კონკრეტული კვალის მიდევნების საფუძველზეც კი წლები დასჭირდა მის მოძიებას და წარდგენას.
„წარმოუდგენელია ექსპერტიზის დასკვნა არსებობდეს ბუნებაში, ექსპერტიზაზე მათ მიერ ან დანიშნული, ან განხორციელებული ან მიმართვა, ერთი დოკუმენტი მაინც ჰქონდეს ვინმეს. ოთხი წელია, ამ თემაზე ვსაუბრობთ და ახლა ეტკინათ, როდესაც მათი არხის ეთერში ვთქვი ეს ყველაფერი. ამიტომ არის დღეს ისტერია ატეხილი. რამე რომ ჰქონოდათ, ერთ დოკუმენტს მაინც წარადგენდნენ, მიმართვას, ეს ხომ არ არის მტკიცებულება, რომ მოდი ერთი ექსპერტიზა დამინიშნე, რომ ვინმემ ხელიდან ხელში მიაწოდოს ვიღაცას, ან მიმართვა უნდა იყოს, ან ექსპერტიზა, ან დადგენილება, ან რაღაც დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს, რომლითაც დამაგრება ხდება პროცესუალური, არა, უბრალოდ იქ იყოო, იმ ადგილზეო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ აქვე რეზოლუციის პუნქტები გაიხსენა.
„მეოთხე პუნქტში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, მოულოდნელი აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ომის დაწყება. იქვე მეხუთე პუნქტში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალებმა, თითქოს დაბომბეს ცხინვალი კასეტური ბომბებით. ამას დაუჭირა მხარი „ნაცმოძრაობის“ ექვსმა წარმომადგენელმა, თუ სწორად მახსოვს, მაშინ როდესაც მათი მხარდაჭერის გარეშეც კი რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. მათი მხარდაჭერა და მათი დასტური იყო მოღალატეობრივი, რადგან მათ ტყუილი დააბრალეს საქართველოს, რადგან ეს ასე არ იყო და მათ თქვენზე და ჩემზე კარგად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო. ისინი მაშინ პროცესის მონაწილეები გახდნენ. რა გააკეთეს ქართველმა სამხედროებმა, მათი ინიციატივა რომ არ ყოფილა ომის დაწყება და კასეტური ბომბებით მშვიდობიანი მოსახლეობა რომ არ დაუბომბავთ, ეს მათ იცოდნენ და ამას მხარი დაუჭირეს. ახლა ჩვენ კიდევ ვცდილობთ რამის გამართლებას?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, როგორი ისტერიაც არ უნდა მოაწყოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს არის ცალსახად ტყუილი.
„როგორი ისტერიაც არ უნდა მოაწყოს ნაცმოძრაობამ, როგორც არ უნდა მოიგონოს, რომ ისკანდერის ნაწილი ექსპერტიზაზე იყო, მერე წლები ვერ აგნებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ექსპერტიზაზე, სად არის რამე ოფიციალური მიმართვა ან დოკუმენტი? ეს არის ცალსახად ტყუილი, ძალიან ეტკინათ მწარე სიმართლე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გახმოვანდა „მთავარის“ ეთერიდან და მათ მაყურებელზე. რაც შეეხება რეაქციებს, შეგიძლიათ ნახოთ ,ძველი ჩანაწერი და ჩემი რეაქციები. კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამახინჯებული რაღაც ფრაზებით ამის გადაფარვა არ შეიძლება, სულ რომ შეცდომა დაუშვას საუბრის დროს ვიღაცამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.