მამუკა მდინარაძე - რევოლუციური სცენარიც და მათი პარტიაც დამარცხებისთვის არის განწირული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრის, გიორგი არველაძის მიმართვა, სადაც ის რევოლუციაზე საუბრობს, არ გაკვირვებია.
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ რევოლუციურ სცენარზე ოპოზიციის შიგნით საუბრები მიმდინარეობს, ვინაიდან ისინი არჩევნებში დამარცხებას ელოდებიან.
„არ გამკვირვებია ნამდვილად, რადგან აღიარების სერია გრძელდება. სააკაშვილის აღიარება, მელიას აღიარება, შემდეგ ოქრუაშვილის აღიარება პარლამენტში შემოჭრაზე. რევოლუციურ სცენარზე საუბარი ეს არის ის, რაზეც დარწმუნებული ვარ, შიგნით საუბრობენ. დღეს არველაძის მხრიდან ამის აღიარება მოხდა. ასეთ საკითხებზე მსჯელობენ, რადგან იციან ზუსტად, რომ არჩევნები მათი გამარჯვების გზა ვერ იქნება, მათი რეიტინგებიდან გამომდინარე. თუ ისინი რევოლუციურ სცენარზე მსჯელობენ, აქ უბრალოდ ამ გეგმის გასაჯაროება მოხდა, კონკრეტული ადამიანის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან. მეორე არის მათი რეალური მოლოდინები. მათი რეალური მოლოდინია დამარცხება. ეს იციან თავისთვის და გარეთ საჯაროდ არ ამბობენ. რადგან დამარცხებას ელოდებიან, ხელისუფლებაში მოსვლას სხვა გზით ცდილობენ. ეს ახალი არ არის. ისინი ამ გზაზე ფიქრობენ, მაგრამ ეს გზა არარეალურია, რადგან ამის ძალაც არ ეყოფათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ამ ყველაფერს ყველა ხედავს.
„აქედან გამომდინარე, შემდგარ სახელმწიფოში რევოლუციური სცენარები, თან იმ დემოკრატიის პირობებში, ვერ შედგება. რევოლუციური სცენარიც და მათი პარტიაც დამარცხებისთვის არის განწირული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.