მამუკა მდინარაძე - რეალისტურად მეჩვენება, რომ სახალხო დამცველმა გიორგი ბურჯანაძე შემცვლელად დატოვოს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება მოტივაცია, სახალხო დამცველი ვერ ავირჩიოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალისტურად ეჩვენება გეგმა, რომ სახალხო დამცველმა გიორგი ბურჯანაძე პირველ მოადგილედ დანიშნოს და თავის შემცვლელად დატოვოს.
კერძოდ, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ლომჯარია აპირებს, პირველ მოადგილედ დანიშნოს გიორგი ბურჯანაძე. თუ სახალხო დამცველობის კანდიდატებს პარლამენტში მხარდაჭერა არ ექნებათ, ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. არსებობს თუ არა ამის ალბათობა?“.
მდინარაძის თქმით, გეგმა რეალისტურია და ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება მოტივაცია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩიოს.
„ჟურნალისტმა მკითხა და რეალისტურად მეჩვენება ეს გეგმა, რომ სახალხო დამცველი აპირებს, გიორგი ბურჯანაძე დანიშნოს პირველ მოადგილედ და თავის შემცვლელად დატოვოს. ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება მოტივაცია, რომ სახალხო დამცველი ვერ ავირჩიოთ, ჩააგდონ ევროკომისიის რეკომენდაცია და ბურჯანაძე იყოს მუდმივი სახალხო დამცველი, ვიდრე ახალ სახალხო დამცველზე ულტიმატუმს არ მივიღებთ. ეს გეგმა რეალისტურია და როგორც ჩანს, ამაზე გამალებით მუშაობენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.