მამუკა მდინარაძე - რას ნიშნავს, გახარია ვერ შემოვა სხდომათა დარბაზში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალადობისკენ შეფარული მოწოდებები დაიწყო
პირველი სუბიექტი, ვინც უსაფრთხოების საკითხებზე პრევენცია, დაზღვევა, გათვლა უნდა გააკეთოს, მინისტრი გიორგი გახარიაა და როგორც ჩანს, მან ამის შესახებ ძალიან კარგად იცის, როცა პარლამენტში მოსვლის სურვილი ვაჟკაცურად გაახმოვანა და თქვა, რომ მზად არის, მოსახლეობა საქმის კურსში ჩააყენოს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, გახარიას სურვილი, რომ პარლამენტში წარდგეს და უწყება საქმის კურსში დეტალურად ჩააყენოს, რა მოხდა და ამ დღეების განმავლობაში რა ხდება, თურმე, პროვოკაცია ყოფილა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკა. ახლა ძალადობისკენ შეფარული მოწოდებები დაიწყეს. რას ნიშნავს, გახარია ვერ შემოვა დარბაზში? რატომ ვერ შემოვა? ასეთი მოწოდებები, ხან შეფარული, ხან აშკარაა. სიტყვა ხან გაურბით და მერე ხელსაც იქნევენ, შტურმით ასაღებად რომ მოუწოდებენ მოქალაქეებს, ეს არის მათი ხელწერა, რაც ვერაფრით მოიშალეს – ძალადობა, პროვოკაცია, ტყუილი, გულწრფელ ემოციაზე „მოჯდომა“, რომ რამენაირად ადამიანის საღი ემოცია და პროტესტი გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ აიღონ, შტურმით საქართველოს პარლამენტი. ეს მათი სტილია, ეს უნდა დამთავრდეს. დღეს შოკში ჩავარდნენ, როცა ხელისუფლებამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბარიერის გარეშე არჩევნები ჩატარდეს. ეს ჩვენ არ გვაწყობდა, მაგრამ ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რადგან სურთ, ქვეყანას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მართავდნენ. მთელი დღე ყველაზე დემოკრატიულ ნაბიჯზე ილანძღებიან. როგორ შეიძლება იმას შეეწინააღმდეგო, რომ მინისტრს სურს, საზოგადოება დეტალურად საქმის კურსში ჩააყენოს და ამას პროვოკაცია დაარქვა, თუ თავად პროვოკაციისკენ არ ხარ მიდრეკილი და არ გინდა, პროვოკაცია რამენაირად მოეწყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოსმენა ვერ მოხდება, მას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ მისცემენ.