მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათი ჩანაწერები მოხვდეს, უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანა ზენიტშია, ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს
საქართველოს შიდა ძალები, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათი ციტირებული ჩანაწერები მოხვდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დღეს საქართველო ზენიტშია, რასაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშია, მაგრამ კიდევ კარგი, მოყვანილია ციტირება სახალხო დამცველზე, რადიკალურ ოპოზიციაზე, „ენჯეოზე“ და მინიშნება ხდება, რომ ეს მათი სიტყვებია. საზოგადოებას შეუძლია, გაარკვიოს, რომ ანგარიშში ასეთი რაღაცები ამ ადამიანების მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე იწერება. უნდა გაიმიჯნოს ძალიან მნიშვნელოვანი თემა – ლგბტ ადამიანების უფლებები და მათი პროპაგანდისტები. ქართული საზოგადოების რეაქცია მახსოვს, როცა, ევროპული მომავლის დავალების პარალელურად, კონსტიტუციაში ჩავწერეთ – ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ ამ ფონზე უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა. ნებისმიერი ჯგუფის უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა ვამხილოთ, როცა ლგბტ პროპაგანდით ადამიანები გარკვეულ საკითხებს გვაპარებენ, რათა შემდეგ ჩვენი კრიტიკა მოხდეს დეპარტამენტისა და სხვა ანგარიშებში. რადიკალური ოპოზიციის ნაწილს თუ სურს, ლგბტ თემის პროპაგანდისტები იყვნენ, იყვნენ და მათ პასუხს საზოგადოება გასცემს. ამ თემას არ ეკარებიან, აპარებენ, ეშინიათ. უფლებების დაცვა ცოტა სხვანაირად ხდება. ყველას უფლებას დავიცავთ და საქართველოს უახლოეს ისტორიაში უფლებების დაცვა არის ზენიტში. პროპაგანდისტობა თუ უნდათ, ეს სხვა საკითხია და საზოგადოების რეაქცია კარგად იციან. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანა ზენიტშია და ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.