მამუკა მდინარაძე -  რადიკალური ოპოზიცია, პრაქტიკულად, ჩამოიშალა
მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიცია, პრაქტიკულად, ჩამოიშალა

საერთო ოპოზიციურ ფორმატს ხელი შეშლილიც აქვს და ჩამოშლილიცაა, რადგან დღე არ გავა, რომ ეს ჩამოშლა არ გაგრძელდეს, ლიდერები სხვადასხვა პარტიას ტოვებენ, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარტიაში „ევროპული საქართველო“ ცვლილებები განხორციელდეს.

მისივე თქმით, ადამიანები მიხვდნენ, რომ რადიკალიზმი მისაღები არ არის, რის გამოც ოპოზიციის ჩამოშლა ხდება.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მართლაც დღე არ გასულა, როცა პარტიების ერთი-ორი წევრი პარტიიდან არ წასულიყო. ადამიანები მიხვდნენ, რომ რადიკალიზმი მისაღები არ არის და თან შედეგიანი, თუნდაც მათი სუბიექტური მოზნებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ ხდება ოპოზიციის ჩამოშლა. ამის გადასაფარად ხდება უამრავი პიარმექანიზმის ჩართვა, თითქოს, „ქართულ ოცნებაში“ რაღაც ხდება და სიუჟეტები კეთდება, მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებებია და საოცრებებს ჰყვებიან. პირდაპირ ეთერში არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ჭორაობენ. რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად, ჩამოიშალა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართვლოს“ ლიდერები, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს. გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. თავად დავით ბაქრაძე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება პარტიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.