მამუკა მდინარაძე - რაც უნდა პარადოქსული იყოს, ოპოზიციის კანდიდატები ცდილობენ, ხელი შეუშალონ პროცესს, რომელიც მათივე ინიციატივით იმართება
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საოლქო კომისიის მუშაობაში პარტიის კანდიდატების მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
მდინარაძე თბილისისა და რამდენიმე რეგიონის საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზიციის აქციებს გამოეხმაურა და რაც უნდა პარადოქსული იყოს, ოპოზიციის კანდიდატები ცდილობენ, ხელი შეუშალონ პროცესს, რომელიც მათივე ინიციატივით იმართება.
„ამ წუთებში ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომლის შესახებაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქმის კურსში ჩავაყენეთ და გავაფრთხილეთ საზოგადოება. ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შორის, სამწუხაროდ, კანდიდატები ცდილობენ, ხელი შეუშალონ პროცესს, რომელიც მათივე ინიციატივით იმართება, რაც უნდა პარადოქსული იყოს.
მათ გაასაჩივრეს, მოითხოვეს გარკვეული მოქმედება საოლქო კომისიების მხრიდან. საოლქო კომისიამ დაიწყო განხილვა, მათი მოთხოვნა შეასრულა და მათი მოთხოვნის შესრულების პროცესში ისინი ცდილობენ ამ პროცესის ჩაშლას. ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც საარჩევნო პროცესში შეიძლება მათ გამოამჟღავნონ, თუმცა ეს არის იმ დესტრუქციების ნაწილი, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც მოგახსენებდით. აქვე უნდა გავაკეთო ერთი განმარტება, ისმება კითხვა – უფლება აქვს თუ არა კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, ცალსახად არა, კანონი ამას არ ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიის წარმომადგენლებს, უფრო მეტიც, პარტიის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს კანდიდატი, ანუ კანონმდებლობა, ზუსტად, მკვეთრად განსაზვრავს იმას, რომ კანდიდატი არ შეიძლება იყოს წარმომადგენელი, ამას აქვს ობიექტური მიზეზები რატომაც ჩაიწერა კანონში და ამას დაეთანხმა მაშინ ყველა. როგორც ქვეყნის შიგნით, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ასევე ქვეყნის გარეთ. ამას აქვს ბევრი მიზეზი, რომ არ აირიოს კომპეტენციები ერთმანეთში, თუმცა ეს სამართლიანი არის თუ არ არის, არ დავიწყებ ამის განხილვას, მაგრამ კანონში უკვე წერია, რომ კანდიდატი არ შეიძლება იყოს წარმომადგენელი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის აქციებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული ელემენტარული რეკომენდაციებია დაცვაც კი არ ხდება.
„რატომღაც ბოლო პერიოდში, მესმის, რომ მათ უნდათ გარკვეული მუხტის შექმნა და სხვა თემები გვერდით გადაწიეს, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი თემა. კორონავირუსი არის გამოწვევა, რომელიც ძალიან მძაფრად არის ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, განსაკუთრებით ვინც მიეკუთვნებიან რისკჯგუფს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველგვარი რეკომენდაციების გარეშე, ისინი აბსოლუტურად გასულები არიან ყოველგვარ წითელ ხაზებს. ელემენტარული რეკომენდაციებია დაცვაც კი არ მიდის. იქ არიან პოლიციელები, ადამიანები, მათი აქტივისტები, რომლებსაც ასევე არ უფრთხილდებიან და ყოველგვარი პირბადისა და სხვა რეკომენდაციების გარეშე ახორციელებენ თავიანთ აქტივობებს.
შეიძლება, ირონიულად ჟღერდეს, მაგრამ მინდა მოვუწოდო, დაიცვან რეკომენდაციები, ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ, პოლიციელს გაუფრთხილდნენ, თავიანთ მომხრეებს გაუფრთხილდნენ, რომლებიც იქ მიიყვანეს ამ დესტრუქციის მისაღებად და დაიცვან ელემენტარული რეკომენდაციები, რომ ასე თავისუფლად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. ნახეთ, ერთი შემთხვევა, ციხეში შესასვლელად ქალბატონმა სამადაშვილმა გაიკეთა ტესტირება და ამ ერთი შემთხვევის დროსაც დადებითი დადასტურდა, რომ არა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნა, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსს ტესტირება გაეკეთებინა, ალბათ, ჩვენ ციხეში გვექნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემა. ამიტომ, ვთხოვოთ, ეს ნაწილი მაინც გაითვალისწინონ და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობაა, სხვაზე თუ არ ფიქრობენ. ჩვენ ვხედავთ ძალიან ცუდ პროცესს, როდესაც ისინი მიდიან იმ მოქმედების საწინააღმდეგოდ რაც თავად მოითხოვეს, დარწმუნებული ვარ ეს არის ერთადერთი მიზეზით გამოწვეული, რომ მოხდეს გადათვლა. ისინი დარწმუნდებიან, რომ იგივეა რეალობა და შეიძლება უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ საზიანოდ აღმოჩნდეს იქ გარკვეული პუნქტები; ვთქვათ, შეცდომით გარკვეული ციფრები შეტანილი. ეს მოხდა მაგალითად სამგორში, როცა მოხდა შემოწმება ოლქში და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეწერა პირველ ოქმში 200 ხმით ნაკლები. ამ რეალობის წინაშე დადგომა მათ არ უნდათ, რადგან აღმოჩნდება, რომ ისინი იტყუებიან და ტყუილის გამოაშკარავება მათ არ სჭირდებათ და მიდიან ამ დესტრუქციაზე. მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკოსს ევალება, მოიქცნენ კონსტრუქციულად, დაელოდონ იმ პროცესს, რომელიც მათი გასაჩივრების შედეგად მიმდინარეობს და ამის შემდეგ ვიკამათოთ ნებისმიერ შედეგზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.