მამუკა მდინარაძე - რაც სასამართლოს გადასაწყვეტია, იმაში არ და ვერ ჩავერევით, არც ამის სურვილი გვაქვს და არც კანონიერი უფლება
რაც სასამართლოს გადასაწყვეტია, იმაში არ და ვერ ჩავერევით, არც ამის სურვილი გვაქვს და არც კანონიერი უფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, რაც პარლამენტის გადასაწყვეტია, იმ რეკომენდაციებს უმრავლესობა ითვალისწინებს.
„რომელიღაც თქვენგანი მეტყვის, რომ პარლამენტს შეუძლია, რაიმე გზით შეაჩეროს სასამართლოში პროცესები ან სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხებზე რაიმე ფორმით იმოქმედოს? რაც კანონმდებლობით არის შესაძლებელი, ამას ყოველთვის აკეთებს პარლამენტი. ეს არის რაციონალური. ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს და რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ უმეტესწილად, მაგრამ ის, რაც არის სასამართლოს გადასაწყვეტი, იმაში ვერ და არ ჩავერევით. არც კანონით გვაქვს უფლება და არც სურვილი გვაქვს იმის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში რაიმე ჩარევა მოვახდინოთ. ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია, ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ რეკომენდაციას ვიღებთ და გამოვდივართ შარლ მიშელის შეთანხმებიდან. ჩვენ გვინდა, ზედმიწევნით შესრულდეს ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები, ხოლო რაც არის სასამართლოს გადასაწყვეტი, იმაში ვერ ჩავერევით. ეს 2012 წლამდე პრაქტიკაა“, – განაცხადა მდინარაძემ.