მამუკა მდინარაძე - რაც უნდა გაყალბების მაგალითები მოიგონონ, მოსახლეობა მაინც კარგად არჩევს ყველაფერს, დღევანდელი შედეგებიც ამის დასტური იქნება
მამუკა მდინარაძე - რაც უნდა გაყალბების მაგალითები მოიგონონ, მოსახლეობა მაინც კარგად არჩევს ყველაფერს, დღევანდელი შედეგებიც ამის დასტური იქნება

მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ იგეგმებოდა კამერის დამონტაჟება და გადაღება ორი-სამი ადამიანის, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემდნენ, რათა შექმნილიყო ფონი, თითქოს მოსყიდვა ხდებოდა.

მისივე თქმით, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეეყვანათ უბანზე და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ.

თუმცა, მდინარაძის განმარტებით, მსგავსი ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მიუხედვად ამისა, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დღის განმავლობაში გამორიცხული არაფერია.

„პროვოკაციებს და გართულებებს არ ველოდებით. ფონია ზოგადად ისეთი შექმნილი, მაგრამ მინდა, გაგიზიაროთ ერთ-ორი ინფორმაცია, რომელიც გუშინ გვიან ღამით გახდა ჩვენთვის ცნობილი. არაერთხელ ვთქვით, რომ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან ჟონავს ინფორმაციები. ისინი გეგმავენ, უფრო კონკრეტული რომ ვიყო და ისინიც რომ მიხვდნენ რომ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, საუბარია ზუგდიდსა და აჭარაზე. ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შემდეგ შორი რაკურსით გადაეღოთ ორი-სამი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემენ და შეექმნათ ფონი, თითქოს მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. ცდილობდნენ, რომ ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა ყოფილიყო შეუძლებელი. მეორე იყო, რომ ერთი და იგივე ადამიანი უნდა შეეყვანათ უბანზე და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ. ჯერჯერობით, ყოველი შემთხვევისთვის, არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ფიქსირდებოდეს, თუმცა დაველოდოთ, დღის განმავლობაში  არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნების მეორე ტურიც დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარდება.

„მიუხედავად მათი ამ მცდელობისა, არჩევნების კიდევ ერთი ტური დემოკრატიის მაღალი ხარისხით იქნება ჩატარებული. რაც არ უნდა მოიგონონ გაყალბების კონკრეტული მაგალითები და მოატყუონ საზოგადოება, რომ ოქმია გაყალბებული, შემდეგ ბალანსი არ ჯდება და დაუმალონ მეორე ოქმი, შესწორების ოქმი, რომელიც უკვე ცხადყოფს, რა ხდებოდა სინამდვილეში, ამის მიუხედავად, საზოგადოება მაინც კარგად არჩევს ყველაფერს და დღევანდელი შედეგებიც ამის დასტური იქნება.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა ჩვენი მობილიზება და მჩვენი კანდიდატების მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.