მამუკა მდინარაძე - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მთავარი კითხვები არ დასვეს
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი გამოკითხეს, მთავარი კითხვები არ დასვეს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია იმ კითხვებზე, რომელიც ერთ-ერთი მოკლულის მამას, ზაზა სარალიძეს ფარდულის ნაწილის გარდა აქვს.
„ჩვენ ამ კითხვებს საკმაოდ კრიტიკულად დავსვამთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში კომისიის უმრავლესობაში მყოფი ადამიანები რაღაცის გამოყვანას, ჩვენ კი სიმართლის დადგენას ვცდილობთ. იმიტომ, რომ ეს არის საქმე, სადაც ტენდენციური მიდგომა არანაირი მიზნით გამართლებული არ არის.
ჩემი კითხვების დასმის შემდეგ თქვენც დარწმუნდებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ სიმართლე გვაინტერესებს თუ არა.
არ ვიქნები მართალი, რომ დღეს ვილაპარაკო რომელიმე კითხვის დამაჯერებლობაზე ან არადამაჯერებლობაზე. შემიძლია ასევე გულახდილად გითხრათ, რომ იყო კითხვები, სადაც მაინცდამაინც ამომწურავი პასუხი ამ ადამიანებმა ნამდვილად ვერ გასცეს.
ამიტომაც, ბუნებრივია, დამატებითი კითხვები არის და იქნება. საბოლოო შედეგი დამაჯერებლობის და არადამაჯერებლობის შესახებ ჩვენ არა დღეს, არამედ კომისიის მუშაობის ფინალურ ეტაპზე უნდა მივიღოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელ კახა სირაძისა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.