მამუკა მდინარაძე - რაც არ უნდა გადაწიონ თარიღი, არავითარი რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები არ იქნება
არანაირი რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები არ იქნება, რაც არ უნდა გადაწიონ თარიღი და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს წინადადება – 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე თუ ასე შემდეგ, მმართველ გუნდში მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება, რადან ეს ყვეელაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როცა რომელიმე ხელისუფლება კადრულობს და რაღაცას აყალბებს, მას ბევრ რამეზე წასვლა მოუწევს, მაგრამ როცა ხელისუფლება მართალია, პოზიციებს მყარად იცავენ.
„ამ ქვეყანაში გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ ვერავინ გაბედოს იმის თქმა, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა. ასეთი ტრენდი მკვიდრდება ტელევიზიებისა და მათი პოლიტიკოსების მიერ. ერთმანეთს ღალატად უთვლიან, თუ ვინმე იტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. რამდენიმე ეთერში ერთმანეთს ამუნათებდნენ იმის გამო, როგორ შეიძლება, თუ ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ჰქვია, ვინმემ თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს სკანდალური ინფორმაცია გამჟღავნდა, რომ არჩევნების გაყალბებას ცესკო-ს და ჩვენ გვაბრალებდნენ, თურმე, პარალელური დათვლა გაყალბდა. წარმოგიდგენიათ, რომ ქვეყანაში pvt აღმოჩნდებოდა გაყალბებული და თამარ ჟვანიას გადადგომას რომ ითხოვდნენ, ელენე ნიჟარაძეს მოუწევდა გადადგომა.
პარალელურ დათვლაზე მთელ გეგმებს ამყარებდნენ, რევოლუციური სცენარის მთავარ ღერძად მიაჩნდათ. თურმე, შემდეგ pvt არაფერ შუაში არ ყოფილა. ჩვენ ვერანაირ ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე ვერ ვილაპარაკებთ, რადგან რეალურად, მართლები ვართ. როცა რომელიმე ხელისუფლება კადრულობს და რაღაცას აყალბებს, მას ბევრ რამეზე წასვლა მოუწევს, მაგრამ როცა ხელისუფლება მართალია, პოზიციებს მყარად დავიცავთ. თუ რაიმეზე მივყვებით, იმიტომ მივყვებით, რომ მიგვაჩნია, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა შესაძლებელია. თუნდაც ჩვენთვის რისკიანი, მაგრამ ღია, დემოკრატიული მექანიზმის ჩადებაა. მსგავს თემებზე წავყვებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.