მამუკა მდინარაძე - რა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რატომ ატყუებთ ხალხს? ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ იკადრეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას წევრი ქვეყნების მხრიდან კონსენსუსი სჭირდება და ამას თავისი სამართლებრივი საფუძვლები აქვს.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, გაწერილი სამართლებრივი საფუძვლებია:
პირველი – არსებითად გაზრდილი რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ეთქვათ უარი ან დაუდგინდათ უკანონოდ ყოფნა;
მეორე – არსებითად გაზრდილი რაოდენობა თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეებისა, რომლებსაც არ მიენიჭათ შესაბამისი სტატუსი;
მესამე – შესატყვისი მონაცემებით დადასტურებული გაუარესებული თანამშრომლობა რეადმისიის საკითხებზე;
მეოთხე – მართლწესრიგსა და შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომეტებული რისკი ან უშუალო საფრთხე, რომელიც მომდინარეობს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისგან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულებიდან, რაც პასუხისმგებელი უწყებების ობიექტური, კონკრეტული და შესაბამისი ინფორმაციითა და ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.
მამუკა მდინარაძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების არცერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„ნებისმიერ, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები. არანაირი პოლიტიკური საფუძველი ამას არ შეიძლება ჰქონდეს, მით უმეტეს სიგიჟეა, რომ კანონის მიღება ამის საფუძვლად გამოიყენო. გაქვთ ინფორმაცია, რომ შეიძლება რომელიმე საფუძველი დაედოს? ხომ ზღაპარია და ხომ ზედმიწევნით პირნათელები ვართ ნებისმიერი მიმართულებით? აბა, რატომ ატყუებთ ხალხს, რა გინდათ? რა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, გაუქმება და შეწყვეტა, არ მოატყუოთ ხალხი. რეადმისიაზე რომ ლაპარაკობენ, 95-პროცენტიანი შესრულება გვაქვს, კანდიდატ ქვეყნებს არ აქვთ ჩვენთან მოახლოებული, რა რეადმისიაზე ლაპარაკობთ და რას ატყუებთ ამ ხალხს? ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარება იკადრეს საქართველოს მიმართ და რომელიც ვერ განხორციელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა: „ქართველები დამოუკიდებლობისთვის თავს წირავდნენ, სიცოცხლეს წირავდნენ, რა სანქცია და რა სისულელეებზე ლაპარაკი, ყველა დაფიქრდეს, ვინც ამ სულელური შატაჟით გადაწყვეტს ქართველების, ქართველი კაცის თუ ქალის დასანქცირებას და დაშანტაჟებას. არანაირი სანქცია ამისთვის არ და ვერ დაგვემუქრება და კიდეც რომ დაგვემუქროს, თუ გამჭვირვალობის კანონის დაინიცირებისთვის სანქცია უნდა მივიღო, დიდი სიამოვნებით მზად ვარ ამისთვის“.