მამუკა მდინარაძე - ქვეყნის პრეზიდენტმა ყველა სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს
საქართველოს ჰყავს ჯარი და ჯარისკაცები, რითაც შეგვიძლია, თავისუფლად ვიამაყოთ, ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ჰყავს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები.
„საქართველოს ჰყავს ჯარი და ჯარისკაცები, რითაც შეგვიძლია თავისუფლად ვიამაყოთ, ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს ადამიანები მშვიდობისთვის იბრძვიან, მაგალითად, ავღანეთში. როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამ დროს მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი. შეიძლება, სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ ასეთ განცხადებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან საქართველოს ჰყავს საამაყო ჯარი და ჯარისკაცები. ირაკლი ღარიბაშვილს ვეთანხმები, რომ ასეთი განცხადებები მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ყველა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს ქვეყნის პრეზიდენტმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.