მამუკა მდინარაძე - ქვეყნის დეოკუპაციისა და ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, დავალებების შესრულებას ამ ხალხმა თავი დაანებოს, მესიჯბოქსები მათ ნამოქმედარს ვერ უშველის და ვერ გაასწორებს
მამუკა მდინარაძე - ქვეყნის დეოკუპაციისა და ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, დავალებების შესრულებას ამ ხალხმა თავი დაანებოს, მესიჯბოქსები მათ ნამოქმედარს ვერ უშველის და ვერ გაასწორებს

ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, დავალებების შესრულებას ამ ხალხმა თავი დაანებოს, მესიჯბოქსები მათ ნამოქმედარს ვერ უშველის და ვერ გაასწორებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გივი თარგამაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად უყურებს.

„როგორც ჩანს, ახალი სტრატეგიის მიხედვით, რაღაც თავდაცვა ააგეს თავდასხმაზე. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დღეს, არა მხოლოდ ხელისუფლება, ქვეყანა გადის ბეწვის ხიდზე, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების, საოკუპაციო ომის გამო, რომელსაც აწარმოებს რუსეთი უკრაინაში, ჩვენ გვიწევს ძალიან ფრთხილად ბეწვის ხიდზე სიარული. ამ დროს, როდესაც ვიღაცები ქვეყნის შიგნით ცდილობენ, რომ ხიდიდან გადაგაგდონ, ომში ჩაგრთონ, ცხადია, რაც იქნება ამ ყველაფრის შედეგი. შემდეგ მესიჯებით ცდილობენ ამ ყველაფრის გასწორებას, ასე არ იქნება და ვერ გამოვა. ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება უყურებს ყველაფერს კარგად.

როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაღაცნაირად უნდა შეძლოს ყველამ, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებსა თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს. დღეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესები ცოტა სხვა იყოს და ეროვნული ინტერესი გადიოდეს ჩვენს სუვერენიტეტზე. პირველ რიგში, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის და ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, დავალებების შესრულებას ამ ხალხმა თავი დაანებოს, მესიჯბოქსები მათ ნამოქმედარს ვერ უშველის და ვერ გაასწორებს.

მხოლოდ ძალადობის „გაპრავებაზე“ რომ არიან გადასულები, მოდი, ისიც მოიკითხონ ამასობაში, ამ დაწვას და დანაშაულებს ევროპაში რა შედეგები მოჰყვება ხოლმე და ხომ არ არის ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი მიდგომები უფრო ჰუმანური, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული სავარაუდო დანაშაულისთვის და გამოძიება გრძელდება. როგორ აპატიმრებდნენ ასობით ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ასეთი ქმედებების ჩადენის დროს, ესეც მოიკითხონ და ნახევარ ინფორმაციას ნუ აწვდიან საზოგადოებას. ასევე თავი დაანებონ ძალადობის გამართლებას. ისინი ცდილობენ კონკრეტულ შემთხვევაში გაამართლონ ხოლმე ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვაში. ამ ადამიანის გამართლებასაც კი კადრულობენ, იმის მაგივრად, რომ გაემიჯნონ ამ ყველაფერს. არ გამოვა ძალადობის გამართლება. არც ის ძალადობა მართლდება, რომელიც ქვეყანას, ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხზე განახორციელეს მათ წლების განმავლობაში და არც ის ძალადობა, რომელიც შემცირებული რესურსებით, მაგრამ მაინც უნდათ ხოლმე, რომ რაღაცნაირად განახორციელონ ქართველი ხალხის, ქართველი პოლიციელების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.