მამუკა მდინარაძე - ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ამ ყველაფერს სამშობლოსთვის ვაკეთებთ
ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ამ ყველაფერს ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განაცხადების შეფასება სთხოვეს.
„არსებობს რაღაც საკითხები, რომლებიც შეიძლება, ჩვენთვის იყოს ცნობილი და რომელზეც ასე ღიად საზოგადოების წინაშე არ და ვერ ვლაპარაკობდეთ, რადგან ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს, მათთან ურთიერთობებს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის პერსპექტივები, ერთი მხრივ, ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეროვნული საკითხები და, მეორე მხრივ, ჩვენი ხვალინდელი დღე და ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, ასეთი საკითხები შეიძლება, ჩვენთვის საკამათო იყოს იმასთან დაკავშირებით, რამდენად უნდა ვილაპარაკოთ ასე ღიად რაღაც საკითხებზე.
თავის დროზე ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც, მაგალითად, „ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენს შორის იყო ის, ამ საკითხებზე უნდა გველაპარაკა თუ არ უნდა გველაპარაკა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შექმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ დღეს. ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძე.