მამუკა მდინარაძე - ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლო, ქვეყნის ევროპული მომავალი, მომავალი თაობა
ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლო, ქვეყნის ევროპული მომავალი, მომავალი თაობა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეკრების შესახებ საუბრისას.
„ალბათ, დღეს შეამჩნევდით, რომ ბევრჯერ ახსენეს ჩვენმა კოლეგებმა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ასეთი ტერმინი – ღირებულებითი ომი, ბრძოლა ღირებულებების გამო და ა.შ. ეს შემთხვევითი არ არის, მეგობრებო, როდესაც ერთ მხარეს დგას სიმართლე, სიკეთე, განვითარებაზე ზრუნვა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი; როდესაც ერთ მხარეს დგას საკუთარი სამშობლო, საკუთარი დედაეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, მაშინ შეუძლებელია, ამ მხარემ სადმე რამე წააგოს. შეუძლებელია, ეს მხარე დამარცხდეს. ეს იქნება „ქართული ოცნება“ თუ სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ მხარეს დგას. ამ ღირებულებების გარშემო არის გაერთიანებული, ის ყოველთვის გაიმარჯვებს და მომავალშიც, ყოველთვის ამ ქვეყანაში უნდა გაიმარჯვონ პოლიტიკურმა ძალებმა, ადამიანებმა, ჯგუფებმა, რომლებიც ამ ღირებულებების გარშემო შეიკრიბებიან.
ვერასდროს გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში სიცრუე, ძალადობა, წარსული, სიბნელე, ადამიანების მოტყუება, ადამიანებზე ძალადობა, როგორც ფიზიკური, რომელსაც აკეთებდნენ თავის დროზე, ასევე ფსიქოლოგიური, მორალური ტერორი, წარმოუდგენელია. უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შეკრებაში – ამაზე ალბათ თქვენც გაამახვილებდით ყურადღებას, როგორი ტენდენციურიც უნდა იყოთ. არ დარჩენილა ამ ქვეყანაში ოჯახი, სანათესაო, საიდანაც ერთი წარმომადგენელი მაინც არ იყო.
ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა ის, რომ ამ ღირებულებების ერთობა მისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლო, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი თაობა და ყველაზე მნიშვნელოვანია განვითარებაზე ზრუნვა და სიმართლე, რაც ყველაზე მთავარია. სიმართლე სადაც არის, იქ არის გამარჯვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.