მამუკა მდინარაძე - ქართველი ხალხი აფორმებს მთავარ შეთანხმებას თავის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება
საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისგან შედგება – ეს არის პროვოკაციები, რომლებსაც, მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს; მეორე – ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ და სჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტივობებით, რომლებიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ახალციხეში, საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს ყველა მხრივ და სწორედ ეს აწუხებთ არაკეთილმოსურნეებს.
„არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს, იმ ხარისხის პროგრესი და წინსვლა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარება უკვე შეურაცხმყოფელიც კია. მაგალითად, ბოლო წლებია, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ალბათ არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ ასეთი შედეგი შეიძლებოდა გვქონოდა ომით გარშემორტყმულ რეგიონში, ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში – ამას ებრძვიან სწორედ, ასეთი შედეგებია ვიღაცებისთვის მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება, საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რადიკალების გეგმაა, არჩევნები, უცხოელი პატრონების დახმარებით, გაყალბებულად გამოაცხადონ, თუმცა ქართველი ხალხი, ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს გარედან მართვას არასდროს შეეგუება.
„არჩევნების შემდეგ უნდა იძახონ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ და ამით გამოიწვიონ მღელვარება, თუმცა ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმებს მთავარ შეთანხმებას თავის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება“, – განაცხადა მდინარაძემ.