მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან პროფესიონალები, აქვთ იმის ძალა, გამოცდილება, სიმართლე, რომ ემსახურონ მოქალაქეებს
ქალაქის მერად ხმა მივეცი მერობის კანდიდატს, ადამიანს, რომელმაც თბილისი ზუსტად ოთხ წელიწადში ხელშესახები გახადა ის პროგრესი, რაც ამ ქალაქში არის, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა და მისი კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებიც დგანან სიმართლის მხარეს, აქვთ გამოცდილება და პროფესიონალიზმი.
„ხმა მივეცი ამ ქალაქის განვითარებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, საბურთალოზე მეორე ტურია მოგეხსენებათ და ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც კახა კალაძეს საკრებულოდან გვერდზე ედგა და მნიშვნელოვან პროექტებში იღებდა მონაწილეობას, ახლაც ასე გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ. ქალაქის მერად ხმა მივეცი მერობის კანდიდატს, ადამიანს, რომელმაც ეს ქალაქი ზუსტად ოთხ წელიწადში სხვანაირი გახადა და რომელმაც ხელშესახები გახადა ის პროგრესი, რაც ამ ქალაქში არის. ამის დაუნახაობა შეუძლებელია, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ეს არის ღირებულებითი არჩევანი. არა მხოლოდ იმ სიცრუისა და ძალადობის წინააღმდეგ უნდა მისცენ დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა, რომელიც 2012 წლამდე იყო, რაც ახლა ხდება, როგორ ძალადობენ ისინი ჩვენს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურად, როგორ ატყუებენ მათ, ამისთვისაც ღირებულებითი არჩევანია გასაკეთებელი და „ქართული ოცნება“ არის ის ძალა და მისი კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებიც დგანან სიმართლის მხარეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისი ხარვეზებით, თავისი პატარ-პატარა პრობლემებით, მაგრამ სიმართლის მხარეს და შეუძლიათ საქმის კეთება. არიან პროფესიონალები და თავიანთ მუნიციპალიტეტებში აქვთ იმის ძალა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სიმართლე, რომ ემსახურონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აირჩევენ, რომლებიც არ აირჩევენ და უნდა იყვნენ იმ მუნიციპალიტეტებში ღირსეული მერები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ყველა თანამოქალაქე განსაკუთრებით ჩვენი მხარდამჭერი, სრულ მობილიზაციას დღეს გამოაცხადებს, ამ შემთხვევაში გარანტირებული იქნება ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი გამარჯვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.