მამუკა მდინარაძე - ჩვენ ორიენტირებული ვართ, ოპოზიცია სრულად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, შესაბამისად, რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება
„ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორ მდინარაძემ აღნიშნა, „ოპოზიციის პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლების დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე“.
„ამასთან დაკავშირებით „ევროპელ სოციალისტებს“ ჰქონდათ გარკვეული წინადადებები. ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პრინციპში, ეს მანამდე იყო მიღებული, რომ გამოსვლების დრო განისაზღვროს 15 წუთით“, – აღნიშნა მდინარაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, მდინარაძის თქმით, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
ამასთან, უფლებამოსილების შეწყვეტას რაც შეეხება, მაქსიმალურად, ბოლო წუთამდე ვცდილობთ, მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათ განცხადებებს 27-28 იანვარს, შემდეგ წარედგინება ბიუროს. უკვე 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ.