მამუკა მდინარაძე - იაგო ხვიჩიამ იქნებ არგუმენტი წარმოადგინოს, როგორ ანგრევს პარლამენტარიზმს „ქართული ოცნება“
მიუხედავად იმისა, რომ იაგო ხვიჩია ცდილობს, გარკვეულ მომენტებში კონსტრუქციული იყოს, ნახევრად, მინიმუმ, მისამართები ერევა ხოლმე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მდინარაძის თქმით, იაგო ხვიჩიამ არგუმენტი უნდა წარმოადგინოს, „ქართული ოცნება“ პარლამენტარიზმს როგორ ანგრევს.
„ასე, ზეპირად გაყალბებულ არჩევნებსაც იძახიან, მაგრამ არგუმენტები არ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ანგრევს, ეს სიმართლე ვიცით, მაგრამ იმიტომ, რომ ოპოზიციონერი ხარ და მაინც და მაინც „ქართულ ოცნებასაც“ იგივე დააბრალო, ობიექტური არ არის. თორემ, დასაბრალებლის იქით ბევრი შეიძლება საკრიტიკებელი იყოს და გაგვაკროტიკოს კიდეც, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ოღონდ, „ქართული ოცნება“ ახსენო, კრიტიკა ჩვენზე არ უნდა მოდიოდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პირველი არხის ეთერში „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, ფაქტობრივად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რაც ყველასთვის საშიშია“.